LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობამ 12 მილიონი ლარი მიიღო ნაკვეთებზე ხეების გატარების კომპენსაციად – ბიძინა ივანიშვილი

82

მოსახლეობამ 12 მილიონი ლარი მიიღო ნაკვეთებზე ხეების გატარების კომპენსაციად, რასაც ვაკეთებ, მთლიანად საზოგადოებასა და საქართველოში რჩება, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

„ხეების გადატანა ყველაზე დიდი ბრალდებაა ჩემ მიმართ და საზოგადოებასაც ყველაზე ახლოს შეიძლება მოეჩვენოს ლეგიტიმურობასთან, რომ ლეგიტიმურია ბრალდება – რა უბედურება სჭირს ამ კაცსო, როგორც აფორმებს ამას „რუსთავი 2“ და ოპოზიცია, გადათხარა მთელი აჭარა და სამეგრელოო. სულ 120 ხეზეა საუბარი და რაც დამრჩა კიდევ შემოსატანი, რამდენიმე, 140-ზე შეიძლება ავიდეს.

ყველაზე ხმაურიანი და ხანგრძლივი ალბათ ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვა ტიპის ბრალდებები იყო, რომ რკინიგზა გადავკეტეთ, დენი გამოვურთეთ, საცობები კეთდება, გადაითხარა და დაინგრა, ეკოლოგია აღარ აღდგება, რომ გავანადგურე მწვანე ბუნება, ეკოლოგია და ასე შემდეგ. რეალურად, თუ გავაანალიზებთ, შემიძლია, ცალკე გადაცემა მივუძღვნა, შევხვდე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, თუ გნებავთ ოპოზიციასაც საჯაროდ. პლუსის მეტი, რასაც ვაკეთებ, არაფერი არაა. ერთადერთი მინუსია, რომ რაც კეთდება, დიდი ფული იხარჯება. ნაწილი მაინც რომ სახელმწიფოსი იყოს, ან მხოლოდ პირადსაც რომ ვხარჯავ, შეიძლება ვიღაცამ კითხვა დასვას, რომ ეს „ჩიტი ბრდღვნად არ ღირს“. ძალიან მიყვარს ეს გამონათქვამი. ამ შემთხვევაში, შეიძლება ეს ვიხმაროთ და თუ არ ღირს და მაინც აკეთებს, ესე იგი რაღაც სიტყვა „ახირებასაც“ ვიხმარ, შეიძლება ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ამ ახირებაში რა იმალება – ეს ფული, რომელიც არ ღირს, რა თქმა უნდა, იმ პარკად, რასაც მე ვაკეთებ, ძალიან ძვირი ჯდება და მხოლოდ ბევრი პირადი ფული იხარჯება იმიტომ, რომ მთლიანად საზოგადოებაში და საქართველოში რჩება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ხეების გადატანისას რკინიგზის მუშაობა არ შეფერხებულა, როგორც მედია ხშირად აცხადებს. მისივე თქმით, ერთი პატარა მინუსი, რაც შეიძლება დასახელდეს, არის ის, რომ გარკვეულ დროს, რამდენჯერმე 5-10 წუთიანი, მაქსიმუმ 15-წუთიანი საცობი წარმოიქმნა.

„საქართველოს მოსახლეობამ 10 თუ 12 მილიონი ლარი მიიღო ხეების კომპენსაციად, რათა გაგვეტარებინა საკუთარ ნაკვეთზე. გაგაცინებთ ახლა – ისე მიეჩვია ხალხი, რომ ივანიშვილი მაინც გადაიხდის, ზღვიდან მოშორებით ნაკვეთის ღირებულება თუ არის ვთქვათ, კვადრატული მეტრი 10 დოლარი, მე გატარებაში ვიხდი ამ თანხას. ერთი საათით გადავივლი და ეს ნაკვეთი ისევ რჩება. ზოგჯერ მეტსაც ვიხდი. ისეთი მოთხოვნადია. ეს ფული მთლიანად მოსახლეობაში რჩება.

რკინიგზასაც ძალიან დიდი ფული აქვს იმაში მიღებული, რომ ჩახსნას და გადაკეტოს, რათა ამ მანქანამ გარკვეულ დროს გადაიაროს, მაგრამ არასდროს ყოფილა შემთხვევა, არც ერთი წუთით, რომ მატარებლის მოძრაობა შეფერხებულიყო, რასაც ძალიან ხშირად ცრუობს „რუსთავი 2“. გარდა ამისა, ძალიან დიდი სამი ბორანი შემოვიდა საქართველოში, რომელიც დარჩება და შეიძლება ქვეყნის ეკონომიკაში გარკვეული როლი ითამაშოს. ასევე, სპეციალური მანქანა, რომელიც მილიონ 200 ათასი ღირს, საქართველოში დარჩება. შეიძლება, ასეთი მძიმე ტვირთები გადაიტანოს. ამ პროცესიდან მთლიანად ბიუჯეტში მგონი 14 მილიონი ლარი შევიდა.

ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მინუსს. ერთი პატარა მინუსი, რაც შეიძლება დავასახელოთ არის ის, რომ გარკვეულ დროს, რამდენჯერმე 5-10 წუთიანი, მაქსიმუმ 15-წუთიანი საცობი წარმოიქმნა. დღესაც მძღოლებს ბოდიშს მოვუხდი ამ უხერხულობისთვის. ამაზე მეტი არაფერი გაფუჭებულა, არ გაჩეხილა, არაფერი გადაშენებულა, მით უმეტეს, ეკოლოგიას არაფერი შეხებია. მე რომ ეკოლოგიაზე მსაყვედურობს ხალხი, რომელსაც ერთი ხე არ დაურგავს, მარტო ჩოლოქზე გავიდნენ. ყველაზე ცუდი ადგილი აჭარა-გურიის საზღვარზე რაც იყო, დაჭაობებული და ძველი ტიპის კანალიზაციის ბუნკერები იდგა, ბეტონის, ციცინათელას ადგილზე და იმის საპირისპირო მხარეს ათასობით ევკალიპტი იყო, ყველაზე ცუდ ადგილზე ყველაზე საინტერესო პარკი გაკეთდა, რომელზეც არავინ საუბრობს,“ – ანიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ხეების გადარგვის თემას პოზიტივის მეტი არაფერი ახლდა.

„პარკიც იქნება ძალიან საინტერესო და ვთქვი თავის დროზე, რომ ეს პარკი საზოგადოებრივი იქნება. ოპოზიცია ამაზე საერთოდ არ აკეთებს მინიშნებას, საკუთარ სახლში და საკუთარ ეზოში მიაქვს. საკუთარი იყო ჩემი მიწები, როდესაც ციცინათელას ვაშენებდი, ის მიწები მე შევისყიდე ზოგი მოსახლეობისგან, ზოგი სახელმწიფოსგან, შევისყიდე, ავაშენე ციცინათელა და სახელმწიფოს თავის მიწებიანად ვაჩუქე.

ასევე, იყო თუ გნებავთ დიდველზე, ბაკურიანში რომ  შევისყიდე მიწები და სახელმწიფოს დავუბრუნე თავისი აშენებული საბაგიროდ, ასევე მოხდა საკონცერტოზეც და კიდევ არის შემთხვევები, რომ ვყიდულობ მიწებს, რაღაცას ვაკეთებ და თავის მიწებიანად სახელმწიფოს ვჩუქნი.

დღესაც ამ პარკზე რომ გადაიჭრეს ვენები, საკუთარ სახლში და საკუთარ ეზოში მიაქვსო, მეც ვთქვი და ჩემმა თანაგუნდელებმაც, ვინც ამაში მონაწილეობს, მხედველობაში მაქვს „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლები, რომ ეს იქნება საზოგადოებრივი. იციან, მაგრამ აბა ამას ვინ ამბობს? საკუთარ სახლში მიათრევსო და უხეშ სიტყვებს ხმარობენ. ძალიან საინტერესო პარკი შენდება საქართველოში. ერთადერთი მინუსი რაც აქვს, ეს პარკი იმ ფულად ალბათ არ ღირდა, მაგრამ ეს ფული ისევ საქართველოში დარჩა ტექნიკის სახით, ან პირდაპირ გადასახადების სახით.

5 მილიონზე მეტი გზების მშენებლობაში ჩავდე. გზები, რომელიც დარჩება და არა ის, რასაც მაბრალებდნენ – სახელმწიფო ბიუჯეტი ჩემს პირადზე დავხარჯო, მაგას როგორ ვიკადრებ, მაგრამ ოპოზიციას სიცრუის მეტი არაფერი აქვს. პირიქით პროცესინგი ხდებოდა, რომ ჩემი კერძო ფულით, მინიმუმ 5 მილიონი ლარით გაკეთებული გზები დარჩება და მოიხმარს მოსახლეობა. ძალიან ბევრი შემთხვევებია ასეთი. თვითონ პროცესი იყო საინტერესო.

ამ პროცესს ყველაზე მეტი პლუსი რაც ჰქონდა – თვითონ პროცესი იყო საინტერესო. ის, რომ ჩვენ დემოკრატიას ვეტრფით და დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებაში გვინდა, რომ გარდატეხა შევიტანოთ, ამ ფონზე და წინა ხელისუფლების ფონზე როგორ ექცეოდნენ საკუთარ მოსახლეობას. აბა ნახეთ, როგორ მიმდინარეობდა პროცესი ორი წლის განმავლობაში. როგორი ვაჭრობა მიდიოდა თითოეულთან ჩემი იურისტების, ვერც ერთ პროცესს ვერ ნახავთ, რომ ვინმეს სურვილის საწინააღმდეგოდ მე რამე სხვა ბერკეტი გამომეყენებინა, თუმცა ძალიან ხშირად, უკაცრავად და ისეთ სისულელეებს ითხოვდნენ. რომ ღირდა 10 დოლარი, ითხოვდნენ 1000-ს. 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ, 10-ჯერ მეტს ვიხდიდი, მაგრამ იქ ვამუხრუჭებდი.

პროცესში მთავარი ის იყო, რომ კაცს, რომელსაც მომაწერენ გაცილებით იმაზე მეტ ძალაუფლებას, რაც მაქვს, არსად არ მიკადრებია, რომ ვინმეს უფლება შემელახა. ეს ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი. საზოგადოებამ კარგად გაიგო, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ყვირის, ამ კაცს ყველაფერი შეუძლია და საოცრებებს მოახდენსო, ვერსად ნახა, რომ ოდნავ მაინც ადამიანის საკუთრების უფლებას შევეხე და ან რაღაც დავარღვიე. პირიქით, პროცესები იყო სულ და ოპოზიციის მხრიდან ძალადობა. ისევ მათგან ნახეთ, კანონებს არღვევდნენ, კეტავდნენ სადაც არ უნდა დაეკეტათ, წვებოდნენ სადაც არ უნდა დაწოლილიყვნენ. ყველაზე კარგი, რაც მოხდა ამ ორი წლის განმავლობაში, ძალაუფლების მქონე კაცმა, მართლა მაქვს გარკვეული ძალაუფლება, მაგრამ არა ისეთი, როგორც ოპოზიცია ხატავს, ყველგან ვემორჩილებოდი კანონს და ვემორჩილებოდი განუხრელად. უაღრესად პატივს ვცემდი კერძო საკუთრებას და ადამიანის უფლებებს. ეს კარგია. ამის მერე, ღმერთმა ნუ ქნას, რომ რამე კიდევ შემობრუნდეს, მოსახლეობაში უკვე გაჩნდა განცდა, ეს მისია და მისი გადასაწყვეტია, ივანიშვილია თუ პეტრიაშვილი, თუ კიდევ ვიღაც, ვერაფერსაც დააკლებს. ვიღაცებს არ მოუნდათ, აბსოლუტურად გაუგებრად, არ მოუნდათ, არ მინდა და კარგად იყავი. ბოდიში მოგვიხდია და წამოვსულვართ. ეს პროცესი იყო ძალიან საინტერესო. ყველა როგორ უნდა ემორჩილებოდეს კანონს, ფული გაქვს ჭარბი თუ თანამდებობა გაქვს, კეთილი ინებე და ყველას ანგარიში გაუწიე. ეს პროცესი იყო ყველაზე კარგი საჩვენებლად. დაასახელონ ერთი მომენტი მაინც, რომ ვინმე განაწყენებულია, რომ დაჩაგრეს, ვერც ერთ მომენტს ვერ ნახავენ ასეთს. წარმოიდგინეთ, ეს გაეკეთებინა სააკაშვილს, ხომ კბილებით მიატანინებდა იმ ხეებს ყველას თავისი ზურგით. ხომ წარმოიდგინეთ, რა არის სხვაობა. ეს არის ამ პროცესში კარგი. ალბათ, ყველაზე საამაყო და ყველაზე კარგიც ამ ხეების პროცესშიც ესაა,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები