„გამოკითხვაზე ბევრი დაიბარეს, ჯარიმები დაუწერეს. როდის იყო ჩვენ ჯარიმებით ვინმეს დავუშინებივართ, პირიქით, რაც მეტს დაიბარებენ და რაც მეტ ჯარიმას დაწერენ, მით უარეს შედეგს მიიღებენ“, – ამის შესახებ პრორუსული დაჯგუფების „ალტ-ინფოს“ ლიდერმა, კოკა მორგოშიამ „ტვ პირველთან“ ევროკავშირის დროშების დაწვის ფაქტებზე საუბრის დროს განაცხადა.
როგორც მორგოშია ამბობს, „აღნიშნულ აქციას უფრო მეტი საერო და სასულიერო პირი უნდა შემოუერთდეს“.
„ლაშას სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ და მე ველოდები, რომ უფრო და უფრო მეტი ხალხი ჩაერთვება.
ევროკავშირის დროშა საერთოდ არსად არ უნდა ეკიდოს, უნდა ეკიდოს საქართველოს დროშა, მორჩა, ეგ არის და ეგ. რაღაც ევროკომისიის ოფისები სადაცაა, იქ თუ უნდათ დაკიდონ, ეს რა ჩვენი საქმეა, მაგრამ პოლიტიკოსები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში იბრძვიან, რომ საქართველოს უკუღმართი დღის წესრიგი მოახვიონ, მაგათი დროშა არ უნდა ეკიდოს, თავისთავად ცხადია, და მალე არსად არ ეკიდება.
მობეზრდებათ ამ ევროკავშირის დროშების ჩამოკიდება-ჩამოხევები და ბოლოს და ბოლოს მიხვდებიან, რომ არ უნდა დაკიდონ და ამაზე ჩამოყალიბდებიან.
გამოკითხვაზე მე არ დავუბარებივარ, ინფორმაცია არ მაქვს, რამდენი ადამიანი დაიბარეს“, – განაცხადა კოკა მორგოშიამ მედიასთან.
ცნობისათვის, „ალტ-ინფომ“ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისი წევრები, ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო თბილისის მერიასთან აღმართულ ევროკავშირის დროშას ხსნიან და წვავენ.
როგორც მახარაძე მათსავე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, „სოლიდარობას“ უცხადებენ ევროკავშირის დროშის გამო დაკავებულ „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთ მხარდამჭერს, ლაშა შალუხიას.
მანამდე, ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ევროკავშირის დროშას სასულიერო პირები წვავენ.