LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მორფინის“ ისეთი დოზა გაუკეთეს, ვერავინ გადარჩებოდა“ – კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახი კლინიკის უფროსი მედდის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

1165
Untitled design (6)

2021 წლის 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდზე მკურნალობის შემდეგ გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის – ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი კლინიკის უფროსი მედდის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა აცხადებს, რომ მისი შვილის სამედიცინო ისტორია გაყალბებულია

ჩარკვიანის ოჯახის ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი „ფორტუნასთან“ ავადმყოფობის ისტორიის სავარაუდო გაყალბებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „აღნიშნულმა მედდამ ისტორიას სხვა მედდების ნაცვლად მოაწერა ხელი“.

ხატიაშვილის მტკიცებით, პროკურატურა დამნაშავეებს ხელს აფარებს.

„როდესაც ავადმყოფობის ისტორია ვნახეთ, ვიზუალურად ჩანდა, რომ სავარაუდოდ, გაყალბებული იყო.

ერთი ადამიანის ხელმოწერა იყო. მოვითხოვეთ ექსპერტიზის ჩატარება ყველა იმ სავარაუდო ხელმოწერასთან დაკავშირებით, რომელიც ავადმყოფობის ისტორიაზე იყო.

როდესაც დაიკითხა უფროსი მედდა – თეა მედიაშვილი, მან აღიარა, რომ სხვა პირების მაგივრად მოაწერა ხელი.

როდესაც ადამიანი, რომელსაც თანამდებობის პირთან გათანაბრებული თანამდებობა აქვს და არის უფროსი მედდა – ამბობს, სხვა ადამიანების მაგიერ მოვაწერე ხელი – ეს სამსახურებრივი სიყალბეა. ეს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში არის. პროკურატურამ ეს მუხლი საერთოდ გააუქმა. წელიწადი და ორი თვეა, ეს ადამიანი სამსახურშია, ღმერთმა იცის, კიდევ რა უბედურებას სჩადის და მას ბრალი არ წაუყენეს.

ამბობს, მე მოვაწერე სხვის მაგიერ, მითხრეს მოაწერეო და მე რომ ვუთხარი ჩემზე ხომ არაფერი იქნებაო – არაო. ე.ი თუ პროკურატურა არ შეჰპირდა იმ ადამიანს, ვინც ამ ყველაფერს აყალბებდა, ის ამ ექთანს როგორ ეტყოდა, ხელი მოაწერე, არაფერი იქნებაო.

ხვალ, 15:00 საათზე პროკურატურასთან რამდენიმე ადვოკატი მივდივართ და მოვითხოვთ, უფროს მედდაზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. ეს ადამიანი ერთი წლის წინ რომ მიეცათ პასუხისგებაში, ის ყველაფერს იტყოდა. გაირკვეოდა, ვინ გააყალბა ავადმყოფობის ისტორია.

პროკურატურა დამნაშავეებს შეგნებულად აფარებს ხელს. მინდა შოთაძეს დავუსვა კითხვა – მისი შვილი რომ ყოფილიყო, ასე მოიქცეოდა?“ – განუცხადა ადვოკატმა „ფორტუნას“.

ზაზა ხატიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანს „მორფინის“ იმაზე მეტი დოზა ჰქონდა გაკეთებული, ვიდრე საჭირო იყო.

„სასწაული დოზებია, „მორფინის“ ისეთი დოზა გაუკეთეს, ვერავინ გადარჩებოდა. ეს დაგვიდასტურა რამდენიმე ექიმმა, რომელთაც თეთრი ხალათის პრინციპიდან გამომდინარე ეშინიათ ხმამაღლა თქვან. ექსპერტიზა რომ ჩატარდეს – აუცილებლად დადებს ამ პასუხს“, – გვითხრა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა, მისი ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს კოვიდი დამარცხებული ჰქონდა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საკითხის შესწავლაში რეგულირების სააგენტო ჩაერთვება