არის თუ არა ბათუმში სასმელი ან ზღვის წყალი დაბინძურებული? სოციალურ ქსელში ორი მომხმარებელი საშიში ფაქტების შესახებ წერს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ალექსანდრე თევზაძე და პაატა შარაშენიძე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ერთი და იმავე სცენარზე საუბრობენ – მოწამლული ბავშვები დიარეით, მაღალი ტემპერატურით და თირკმელების პრობლემებით. მათი აზრით პრობლემა წყალია.
„იქნებ, ვინმემ ჟურნალისტებიდან გამოიკვლიოს,ზაფხულის განმავლობაში რატომ არ წყდება პატარა ბავშვების ნაკადი საავადმყოფოებში, კუჭის ვირუსული დაავადებებით გამოწვეული?!"
„ხელში გვეჭირა ბავშვი, რომელსაც სიცოცხლე ტოვებდა, ბავშვს სიცხე ჰქონდა 42, 2 და მთელი სხეული მუქი ლურჯი!..“
პაატა შარაშენიძე იმასაც ამბობს, რომ ეს არა მხოლოდ მათი აზრია. შარაშენიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიამ დაასკვნა, რომ ბავშვების დაავადების გამომწვევი“Escherichia coli”-ის ჩხირი ბავშვების ორგანიზმში წყლის საშუალებით შევიდა, “ზღვა თუ დასალევი წყალი, ეს არ ვიცით” – ამბობს ის.
,,ფორტუნა” ინფორმაციის გადასამოწმებლად პაატა იმნაძეს დაუკავშირდა, თუმცა ვერ მიიღო პასუხი, ნამდვილად დადასტურდა თუ არა ის, რომ ბავშვებში წყლით მოიწამლნენ.
უკიდურესად დამძიმებული ბავშვები
ალექსანდრე თევზაძემ მოწამვლის გართულებები საკუთარ შვილზე ნახა. პრობლემას კი ჭოროხის ხიდთან მოწყობილ ნაგავსაყრელთან და დაბინძურებულ წყალში ხედავს, თუმცა არაფერს ამტკიცებს და ამბობს რომ პრობლემის მიზეზი უნდა დადგინდეს.
,,არ ვიცი ჩატარდა თუ არა რაიმე ღრმა კვლევები ჩვენ ვიმკურნალეთ ნაწლავის ჩხირზე. კონცენტრირებული ვიყავით რომ ბავშვი გადარჩენილიყო. თერმული შოკი ჰქონდა, 40.2 ჰქონდა სიცხე. უკიდურესად მძიმე მდგომარეობა იყო” – ამბობს ალექსანდრე თევზაძე “ფორტუნასთან”.
ბრალდებებს უკვე უპასუხა ბათუმის წყალმა.
,,სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ნაწლავური ჩხირი “Escherichia coli” ბათუმში სასმელი წყლისგან გავრცელდა, არ შეესაბამება სიმართლეს.
,,ბათუმის წყალის“ მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს.
,,ბათუმის წყალს“ აქვს ულტრათანამედროვე ლაბორატორია, რომლის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წყლის ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი,” – ამბობენ ბათუმის წყალში.
ზაფხულში ბავშვებში დიარეით მიმდინარე დაავადებები ხშირდება. ზოგი საკვებით იწამლება, ზოგი სასმელით, რადგან სიცხეში მიკრობები კიდევ უფრო აქტიურდება – როგორც წესი, ასეთი მოწამვლა რთული ნიშნებით ხასიათდება, თუმცა მკურნალობას 5-7 დღეში ექვემდებარება.
მეგობრებო, ამას ვწერ რადგან გუშინ დავბრუნდი იაშვილის კლინიკიდან, სადაც 17 მცირეწლოვანი წევს, საიდანაც 4 უმძიმეს მდგომარეობაშია
"იაშვილის კლინიკაში ბათუმიდან გადმოყვანილი 17 ბავშვი წევს, მათ შორის - 4 უმძიმეს მდგომარეობაში"
ოფიციალური სტატისტიკით, წელს შემთხვევების მკვეთრი ზრდა არ დაფიქსირებულა, აჭარაში იმასაც კი ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით შემთხვევები შემცირებულია.
ივნისის თვიდან აღნიშნული დიაგნოზით იაშვილის კლინიკაში, სულ 17 ბავშვი შეიყვანეს. ამ დროისთვის კლინიკაში კვლავ რჩება 10 პაციენტი. მათგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
კითხვაზე ემუქრება თუ არა მათ სიცოცხლეს საფთხე, ბავშვების მკურნალი ექიმი თიკო დავითაია ,,ფორტუნასთან” ამბობს, რომ ,,ბავშვები, მათი სიმძიმისთვის შესაბამის განყოფილებებში არიან გადანაწილებულები”.
ოფიციალური სტატისტიკით წელს სულ 21 ნაწლავური ინფექციის შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 9 აჭარის რეგიონში – ეს სტატისტიკა ნონა ეფაძეს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მოწამვლის შემთხვევები წყალს არ უკავშირდება, რადგან ამ შემთხვევაში უნდა იყოს უფრო ბევრი შემთხვევა.
ოფიციალური და მშობლების ინფორმაცია ერთმანეთს არ ემთხვევა
სტატისტიკა ამას არ ამბობს, თუმცა ალექსანდრე თევზაძე, ვისი შვილიც ვირუსული ინფექციის მსხვერპლი გახდა ამბობს, რომ ბავშვთა საავადმყოფოებთან ნახევარსაათიანი ყოფნა სულ სხვა რეალობას გვანახებს.
,,ნახევარი საათი დავდგეთ ბავშვთა საავადმყოფოებთან და რეალურ სურათს ვნახავთ. მორბიან მშობლები, ზოგს პოლიციაც აცილებს რომ დროულად მოვიდეს. მარტო მე საავადმყოფოში მისულს, სამი ბავშვი დამხვდა მსგავსი დიაგნოზით” – ამბობს ის.
თუმცა, ციფრები რომლებსაც გვაწვდიან ასე გამოიყურება:
“წინა წლების სტატისტიკას თუ შევადარებთ, ზოგადად ამ დაავადებების 38%-იანი კლება ფიქსირდება. რაც შეეხება ბოლო შემთხვევებს, 7 ბავშვი გადაიყვანეს აჭარიდან თბილისში. ეს იყო გართულებული შემთხვევები. ამ შვიდიდან 4 ქალაქის მცხოვრებია, ხოლო 3 მიმდებარე მუნიციპალიტეტების. ამ შემთხვევებს შორის არც ტერიტორიული და არც სხვა ტიპის კავშირი არ იკვეთება. შესაძლოა, ეს გამოწვეული ყოფილიყო დაბინძურებული რძით, ხილით, ბოსტნეულით, სასმელი წყლით. უმეტეს შემთხვევაში გართულების გარეშე მიდის. 5-10%-ს ურთულდება და ფიქსირდება მაგალითად ჰუსი.
ყოველწლიურად ერთეული შემთხვევები რეგისტრირდება ხოლმე, წელს 21 ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს წყალთან დაკავშირებული ვერ იქნება, რადგან წყლის შემთხვევაში უფრო მასშტაბური ვითარება გვაქვს ხოლმე” – ამბობს ნანა ეფემიძე.
აჭარის ჯანდაცვის დეპარტამენტშიც ამბობენ, რომ ჯგუფური მოწამვლები არ ფიქსირდება, ამასთან, ეს ბავშვები კლინიკაში ერთდროულად არ არიან გადაყვანილები.
,,ეს არის მთელი სეზონის განმავლობაში მიყვანილი კლინიკაში. სხვადასხვა ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და სხვადასხვა დროს არიან შეყვანილი ამ სიმპტომებით,” – ამბობენ ისინი.
ალექსანდრე თევზაძე კი ფიქრობს რომ ოფიციალური განცხადებები რეალობისგან შორს არის. ის ბავშვის მოწამვლას ზღვაში ჩასვლას უკავშირებს.
”ამას მე ვამბობ ჩემი შვილის მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე იმ მშობლების მონათხრობიდან რომლებსაც ვესაუბრე. ჩვენი დაკვირვებით, მოწამვლა ზღვასთან კავშირის შედეგია. აქ საუბარია მასობრივ გავრცელებაზე. არ დარჩენილა მშობელი ვისაც პატარა ბავშვი ყავს და მე ვიცნობ, ეს არ ჰქონდეს გადატანილი.
21 შემთხვევა მარტო მე ვნახე, როცა საავადმყოფოში ვიყავი ბავშვთან ერთად. გამორიცხულია სტატისტიკა მართალი იყოს, თუ ვინმეს არ დაეზარება და დადგება იშვილთან ნახავს რეალობას, ზოგს პოლიცია აცილებს რომ დროულდ მოუსწრონ ექიმებმა” – ამბობს ბავშვის მამა და ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზეც საუბრობს.
,,ყველამ იცის რომ საკანალიზაციო სისტემა ჩაედინება ზღვაში, ყველამ იცის რომ სანაგვე პირდაპირ ჭიროხზეა და იქ რა პროცესები მიმდინარეობს კიდევ საკითხავი და მოსაკვლევია: გრუნტის წყლებში როგორ ჩადის ნაგვიდან გამოწვეული ჩხირები და მთელი კომპლექსია შესასწავლი. ამას არავინ აკეთებს. ოფიციალურად რომ განაცხადონ რომ ბავშვებს საფრთხე ემუქრებათ, ეს ისეთ შედეგებს გამოიწვევს პანიკის თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოს ძალიან უჭირს ამის აღიარება. აქედან გაკომდინარე მშობლები ვდგებით ამ პრობლემების წინაშე” – ამბობს ალექსანდრე და ითხოვს დადგინდეს რეალურად რისგან იწამლებიან ბავშვები მის გარშემო.
უნდა მოარიდოთ თუ არა ბავშვი ზღვას?
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი ამბობს, რომ ზღვის წყალზე მეტად სახიფათოა ნაპირზე ყოფნა, მაშინ როცა ჰიგიენის ნორმები არ არის დაცული.
“ზღვის წყალი იმდენად შეიძლება არ იყოს მავნებელი, როგორც წყლიდან ამოსვლის შემდეგ ჰიგიენის წესების დაცვა. უმეტეს შემთხვევაში დაინფიცირება შეიძლება მოხდეს ნაპირზე, სადაც დასვრილი ხელით სხვადასხვა პროდუქტის მიღება მოხდეს, ან ნივთებზე შეხება და შემდეგ გადაცემა”, – ამბობს ნონა ეფაძე “ფორტუნასთან” ინტერვიუში.