პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ “ტვ პირველის” ეთერით ამავე ტელევიზიის ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. უმრავლესობის დეპუტატმა ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეს ამორალური და უზნეო უწოდა.
“ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ეთერში მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებასა და გიგი უგულავას დაკავებაზე სასაუბროდ მიიწვიეს, კითხვებზე პასუხს თავი აარიდა და საუბარი თამარ ჩიხლაძის კრიტიკით დაიწყო. “ქართული ოცნების” დეპუტატის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ ჟურნალისტმა ეთერში ვახტანგ რობაქიძე მიიწვია, რომელიც ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როცა ის ოჯახთან ერთად ვახშმობდა”, – წერია “ტვ პირველის” ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
“თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს, მე სადმე მიმიწვიოს. მორალი და ზნეობა იმხელა ფასეულობაა, ჩივილი [ჟურალისტური ეთიკის ქარტიაში] არაფერ შუაშია. აქ არის მორალის და ზნეობის საკითხი. თქვენ რომ თქვენი საქმიანობის შესრულების გამო მოქალაქე თავს დაგესხათ თქვენს შვილებთან ერთად და შემდეგ მე ვიყო ჟურნალისტი და ეს ადამიანი გადაცემაში მივიწვიო ისე, რომ ობიექტურად ჟურნალისტს არ მაინტერესებდეს, ჩავიდე ადგილზე და ვიკითხო, რა მოხდა, ეს ნორმალურად მიგაჩნიათ და ეს ძალადობის წახალისება არ არის?” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
გადაცემის წამყვანმა დიანა ტრამაპიძემ აღნიშნა, რომ ჩიხლაძემ თავისი ეს გადაწყვეტილება ახსნა და დეპუტატს მოუწოდა, ჩიხლაძეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლოს. უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ ჩივილს არ აქვს აზრი.
“ნახეთ, როგორ სწორად ინტერპრეტირებთ. როგორ ამახინჯებთ ჩემს ნათქვამს. ეს ძალიან სამწუხაროა. ადამიანს მორალი და ზნეობა თუ არ გააჩნია, სადაც არ უნდა უჩივლო, ის ნათქვამს ვერ მიხვდება”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.