სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი ნინოწმინდის პანსიონის მოქმედი და ყოფილი აღსაზრდელებისგან იღებს შეტყობინებებს, რომ მათზე სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს, რათა სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენებები არ მისცენ.
ლომჯარიას განცხადებით, ერთ-ერთი ყოფილი აღსაზრდელი, რომელიც ახლა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ხიჭაურის უნივერსიტეტში ირიცხება, პოლიციაში ჩვენების მიცემის შემდეგ უნივერსიტეტში არ შეუშვეს და ამის გამო ახლა ღია ცის ქვეშ უწევს ყოფნა.
„სახალხო დამცველის აპარატი იღებს შეტყობინებებს პანსიონის მოქმედი, თუ ყოფილი აღსაზრდელებისგან, რომ მათზე მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა, რომ არ მისცენ ჩვენებები სამართალდამცავ ორგანოებს.
დაგვიკავშირდა ყოფილი აღსაზრდელი, რომელიც ახლა ირიცხება ხიჭაურის უნივერსიტეტში, ისაა საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ.
მათი რეალური საცხოვრებელია ამ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი. პირმა განგვიცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა ჩვენების მიცემა, პოლიციიდან უკან დაბრუნებულს კი უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება. მან წუხანდელი ღამე გაათენა ადგილობრივი მოსახლის სახლში. დღესდღეობით, იგი ღია ცის ქვეშაა”. – აცხადებს ლომჯარია.