LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეებს მისამართების შეცვლა და დაზუსტება უფასოდ შეუძლიათ

46

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მისამართების ცვლილებასთან დაკავშირებით უფასო სერვისებს სთავაზობს. აღნიშნული მომსახურებები ვრცელდება პირებზე, რომლებსაც უძრავი ნივთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მისამართი არასრულად ან არასწორად აქვთ მითითებული. ასევე, უფასო სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ალოგიკური, არასწორი ან დუბლირებული მისამართისა და ნომრების გამო, ბინისთვის, შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთისთვის ახალი ნომრის მინიჭება სჭირდებათ.

მისამართების კორექტირებას და მინიჭებას ექვემდებარება ნუმერაციის არმქონე, გამოტოვებული ან გამეორებული მისამართები, ე.წ. „იტალიური ეზოები“ და ასევე ისინი, რომლებსაც მისამართად მითითებული აქვთ რაიმე გეოგრაფიული ობიექტი (მაგ: მიმდებარედ, შორის, გასწვრივ, მოპირდაპირედ და ა.შ).

როგორც “ფორტუნას” საჯარო რეესტრში განუმარტეს, არარსებული, გამოტოვებული ან განმეორებული მისამართები გაუგებრობისა და დავის საგანი ხშირად გამხდარა. უფასო სერვისებიც სწორედ სამისამართო რეესტრის მოწესრიგებასა და ზუსტი მონაცემთა ბაზის შექმნას უწყობს ხელს.

“დამისამართების პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იარსებებს, ხოლო კონკრეტული მისამართები მარტივად მისაგნები იქნება,”- განაცხადეს საჯარო რეესტრში.

სერვისებით სარგებლობისთვის დაინტერესებულმა პირებმა საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს ან იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ. მომსახურების მიღების ვადა 30 კალენდარული დღეა.

“აღსანიშნავია, რომ შეცვლილი მისამართების გამო მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება ან შეცვლა არ უწევთ. ცვლილებების მიუხედავად, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები,”- განაცხადეს საჯარო რეესტრში.

მათი განმარტებით, დამისამართების სისტემის სრულყოფა ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას აუმჯობესებს, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა.  პარალელურად, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები ელექტრონულ რუკაზე დაიტანება, რაც ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.

დამისამართების პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი და სერვისების განვითარების სააგენტო სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები