საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, დღეს, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6,5 პროცენტს შეადგენს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან, ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივი დონის (3 პროცენტი) ირგვლივ მოძრაობდა. მარტში წლიურმა ინფლაციამ 3.7 პროცენტი შეადგინა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ერთჯერადმა ფაქტორებმა შეიტანა. კერძოდ, წლის დასაწყისში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი მარტის წლიურ ინფლაციაში 1.3 პროცენტული პუნქტი იყო. არსებული პროგნოზებით, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია, ერთჯერადი (ეგზოგენური) ფაქტორების ამოწურვის შემდგომ, მიზნობრივი დონისკენ იმოძრავებს. ხაზგასასმელია, რომ მონეტარული პოლიტიკა ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია და, როგორც წესი, ცენტრალური ბანკები ეგზოგენურ (მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელ) ფაქტორებზე არ რეაგირებენ.
საგარეო რისკების შენელებასთან ერთად, 2019 წლის პირველ კვარტალში ეროვნულმა ბანკმა განაგრძო ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის (პოლიტიკის ნორმალიზაციის) პროცესი, რომელიც გასული წლის ივლისში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა კვლავ ჩამორჩება მის პოტეცნიურ დონეს, საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ პოლიტიკის ნორმალიზაცია ეტაპობრივად განხორციელდება. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის უცვლელად დატოვება.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 12 ივნისს გაიმართება.