LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონასტერი, კომფორტის ზონა, მინისტრის სავარძელი: „ოცნების“ 5 პრემიერის პოლიტიკური ბედი

192
fortuna.ge (8)

„ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წელში თანამდებობა უკვე 5-მა პრემიერმა დატოვა. ყველა მათგანის თანამდებობიდან წასვლა მოულოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ  მედიაში წინასწარ ყოველთვის ვრცელდებოდა ინფორმაცია მოსალოდნელი ცვლილების შესახებ.

ასე მოხდა ამჯერადაც. გიორგი გახარია ჯერ კიდევ გასულ კვირას ამბობდა, რომ ჯერ მოვდივარ და არ მივდივარო და ჟურნალისტებს მიმართა,  უკვე მეუხერხულება კიდეც, წელიწადნახევარია, ყოველ ჯერზე როდესაც თქვენთან კომენტარზე ვდგები, ამ კითხვაზე მიწევს პასუხის გაცემაო, მაგრამ ამჯერადაც არ შემცდარა მედია.

2021 წლის 18 თებერვალს გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.

გიორგი გახარია გადადგა

პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მიზეზად გუნდთან ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

ის არ ყოფილა პირველი „ოცნებაში“, ვინც პრემიერობა მოულოდნელად დატოვა.

ასეთი გადაწყვეტილება პირველად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, რომელმაც ქვეყნის მმართველის პოსტი 2012 წელს ჩაიბარა.

პრემიერ-მინისტრობის თანამდებობას ის 2012 წლის 25 ოქტომბრიდან, 2013 წლის 20 ნოემბრამდე იკავებდა.

პრემიერობიდან წასვლით, ის პოლიტიკასაც დაემშვიდობა და თქვა, რომ მხოლოდ რაიმე უბედურება თუ მოხდებოდა, მაშინ დაბრუნებოდა.

წავიდა, მაგრამ პოლიტიკაში მეორედ დაბრუნდა „ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე.

საბოლოოდ 2021 წლის 11 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ოცნებიდანაც“ და პოლიტიკიდანაც საბოლოოდ წასულიყო. ამბობს, რომ კომფორტის ზონაში დაბრუნდა.

ივანიშვილის პრემიერობის შემდეგ ქვეყანაში ყველაზე საპასუხისმგებლო სავარძელი ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა.

ამ თანამდებობას ის 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე იკავებდა.

წავიდა მოულოდნელად. ამბობენ გადაწყვეტილება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებში მისი ხელმოწერით გაგზავნილი მისალოცი საახალწლო ბარათების უკან გამოწვევაც კი ვერ მოასწრეს.

ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ოჯახს და პარტიას და წავიდა… თუმცა მოგვიანებით კვლავ დაბრუნდა პოლიტიკაში და ამჯერად, მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობა უკავია.

ღარიბაშვილის შემდეგ პრემიერობა გიორგი კვირიკაშვილს ანდეს.

ამ თანამდებობაზე ის 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე იყო.

მისი წასვლა პოლიტიკაში ივანიშვილის მეორედ მოსვლას დაემთხვა.

2018 წლის 30 მარტს მან  განაცხადა, რომ გავრცელებული ხმები მისი გადადგომის შესახებ სიმართლეს არ შეეფერებოდა და იმ ადამიანებს, რომლებსაც მისი თქმით, პრემიერის გადადგომაზე ტაიმერები ჰქონდათ მომართული დასვენებისკენ მოუწოდა. “ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს”, –  თქვა კვირიკაშვილმა.

თუმცა ტაიმერმა ორ კვირაში დარეკა… წლებია მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდება და რომელიმე ოპოზიციურ გუნდს შეუერთდება, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება კვირიკაშვილს ჯერ არ მიუღია.

პრემიერობიდან წასვლის შემდეგ მან რამდენიმე თვე მონასტერში გაატარა.

შემდეგი იყო მამუკა ბახტაძე.

პრემიერობის თანამდებობა მას 2018 წლის 20 ივნისიდან 2019 წლის 2 სექტემბრამდე ეკავა.

მან წასვლის ყველაზე უჩვეულო გზა აირჩია. ფეისბუქპოსტით დაგვემშვიდობა, რომელიც ძალიან  ვრცელი იყო და მისი თქმით, ზუსტად ასახავდა იმ წარმატებებს, რასაც ქვეყანამ მისი პრემიერობის დროს მიაღწია.

ბახტაძეს არ დაუკონკრეტებია, რატომ მიდიოდა „წარმატების ზენიტში“.

პრემიერობის დატოვების შემდეგ ის მედიასთან კვირიკაშვილის მსგავსად არ საუბრობს. აშკარაა,  ბედნიერია პირად ცხოვრებაში. ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებს მისი ტყუპების ფოტოებს.

ბახ­ტა­ძის რჩე­უ­ლი ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი იანა კო­კო­უ­ლი­ნაა.  წყვილს ტყუ­პე­ბი, ანა და გიორგი 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში შე­ე­ძი­ნათ.

შემდეგი პრემიერი იყო გიორგი გახარია.

გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობას 2019 წლის 8 სექტემბერიდან იკავებდა. რასაც წინ უძღოდა 20 ივნისის აქციის დარბევა – ამ დროს გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

აქციის დარბევის შემდეგ აქტივისტები 3 თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებით მოითხოვდნენ შს მინისტრის თანამდებობიდან მის გადადგომას. მაგრამ ან აიღო პასუხისმგებლობა 20 ივნისის აქციის დარბევაზე და 2021 წლის 18 თებერვლამდე გუნდის ყველაზე ძლიერ ლიდერად მიიჩნეოდა.

მედიაში უკვე დიდი ხანია, ვრცელდებოდა ინფორმაცია მის წასვლაზე. მიზეზად კი სახელდებოდა გუნდში გაჩენილი ამბიციები. როგორც ამბობენ, პრემიერობის სურვილი რამდენიმეს და მათ შორის ირაკლი კობახიძესაც აქვს…

ჯერ უცნობია, სად ვიხილავთ პრემიერობიდან წასულ გახარიას.

ახლა ალბათ ყველაზე მთავარია, ვინ იქნება შემდეგი პრემიერი. ეს რა თქმა, უნდა  ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთი რამ კი პრემიერების ისტორიიდან გამომდინარე უკვე შეგვიძლია, დაბეჯითებით ვთქვათ…

ისიც მოულოდნელად წავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები