სესხების გალარების პროგრამა ძალიან კარგი პროგრამა იყო. მომხმარებლებს, რომელთაც სურდათ სავალუტო რისკებისგან დაეზღვიათ თავი, ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ ეს გაეკეთებინათ,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აღნიშნა.
“ბოლო ინფორმაციით, გალარებულია 75 მილიონი ლარის სესხები. დროთა განმავლობაში ზუსტდებოდა სესხების ის სია, რომელიც ექვემდებარებოდა გალარებას, დღესდღეობით გალარებულია დაახლოებით 23%, ეს იყო ნებაყოფლობითი პროცესი, ერთჯერადი პროგრამა, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა. ვფიბრობ, ეს იყო კარგი პროგრამა და მომხმარებლებს, რომელთაც სურდათ, რომ სავალუტო რისკებისგან დაეზღვიათ თავი, ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ ეს გაეკეთებინათ”, – განაცხადა გვენეტაძემ.
რაც შეეხება ზოგადად ლარიზაციას, გვენეტაძემ განმარტა, რომ ეს არ არის მოკლევადიანი პროექტი.
“ეს არის გრძელვადიანი პროექტი, ბევრ ქვეყანაში ამას 10-15 და უფრო მეტი წელი დასჭირდა, ეს საკითხები და ღონისძიებები განხილული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაამთავრა საქართველოში მუშაობა”, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.