LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომხმარებლებისთვის მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ნომრების პორტირება მარტივდება

69
კომუნიკაციების კომისია მომხმარებლებისთვის ნომრის პორტირებას ამარტივებს

მომხმარებლებისთვის მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ნომრების პორტირების  გამარტივების მიზნით, კომუნიკაციების კომისია პორტირების ახალ წესებს დაამტკიცებს. რეგულაციის მიზანია, აბონენტებმა სურვილის შემთხვევაში, ადვილად შეძლონ ერთი კომპანიიდან მეორეში გადასვლა ისე, რომ ნომერი არ შეიცვალონ. „პორტაბელურობის დებულებაში“ ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კოდექსთან. აღნიშნული ცვლილებები გაზრდის კონკურენციას, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებლებზე.

ახალი წესები როგორც ფიქსირებული, ისე მობილური საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს შეეხება. ცვლილების შესახებ საკონსულტაციო დოკუმენტი საჯარო კონსულტაციებისა და მისი დახვეწის მიზნით, კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დაინტერესებულ პირებს შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა 2022 წლის 13 მაისამდე შეუძლიათ, რის შემდეგაც კომისია განახლებულ წესებს დაამტკიცებს.

ცვლილებების შემდეგ, მობილური ნომრის პორტირების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, სერვისცენტრში მისვლის გარეშე, დისტანციურად გააკეთოს განაცხადი, დაპორტირდეს მისთვის სასურველ ქსელში და ახალი სიმბარათი სასურველ მისამართზე მიიღოს.

ცვლილება ასევე ეხება ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას, რომლის მიხედვითაც, კომპანიები ვალდებული იქნებიან ფიქსირებული სატელეფონო ქსელით მომსახურებაზე პორტირებისას სააბონენტო ნომერი შეუნარჩუნონ მომხმარებელს. გეოგრაფიული სააბონენტო ნომრების პორტირება მოხდება იმავე გეოგრაფიულ ზონაში, ხოლო არაგეოგრაფიული – არაგეოგრაფიულ ზონაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები