მომხმარებელთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ნოემბერში მოქალაქეებმა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 42 განაცხადი შეიტანეს. უწყების ინფორმაციით, აქედან 6 შემთხვევაზე საქმის წარმოება უკვე დაწყებულია.
„მიღებული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეადგენს 60%-ს, ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება – 28%-ს, აგრესიული კომერციული საქმიანობის აკრძალვა – 5%-ს, ნივთის უპირობოდ დაბრუნება – 5%-ს, ხოლო უსამართლო სტანდარტული პირობები – 2%-ს.
ერთი თვის განმავლობაში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 80%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს.
მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, ამ ეტაპზე, 96%-ით თბილისი ლიდერობს“, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.