LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას ბიზნეს ასოციაცია ეწინააღმდეგება

205

კანონპროექტს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ ბიზნეს ასოციაცია ეწინააღმდეგება. როგორც „ფორტუნას“ ბიზნეს ასოციაციის ანალიტიკური მიმართულების მენეჯერმა ნიკოლოზ ნანუაშვილმა განუცხადა, კანონი ბიზნესის ტვირთს ამძიმებს და დამატებით ხარჯებს უკავშირდება.

“გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს საქართველოში მომხმარებელთა უფლბები დაცული არ არის, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ გვაქვს პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსი, მთავრობის დადგენილება ეტიკეტირების წესის შესახებ, გვაქვს რეგულაციები ფასის მითითებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო კოდექსი, რომელიც აწესრიგებს, თუ რა შემთხვევაში შეუძლია მყიდველს უკან დაუბრუნოს ნივთი მოვაჭრეს და. ა.შ. ახლა კი ვიღებთ და ვქმნით ერთი შეხედვით რაღაც ახალს, რომელიც ყველაფერს ეწინააღმდეგება და ქმნის პარალელური რეგულაციის რისკს”, – განუცხადა „ფორტუნას“ ნანუაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით  – ენერგეტიკაში, კომუნიკაციებში, საბანკო სფეროში, მომხმარებელთა დაცვის ომბუდსმენები ისედაც არსებობენ.

ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლის განმარტებით, კანონის მიღების შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გადანაწილება ისევ ბიზნესსა და მომხმარებელს მოუწევთ.

„თუკი თქვენ გექნებათ საშუალება, თუნდაც ახირების გამო, ლარიანი კალამი ყველგვარი საფუძლის გარეშე უკან დამიბრუნოთ, მე სულ მცირე, ხომ უნდა შევამოწმო – დაზიანებული ხომ არ არის. თუ დაზიანებულია მტკიცების ტვრითი მე მაქვს, რომ თქვენ დააზიანეთ. ეს დროა, ხარჯია, დამატებითი შრომითი რესურსია. ყველა პროდუქტზე ერთნაირად არ უნდა ვრცელდებოდეს ეს რეგულაცია,” – აღნიშნა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის 83-ე დირექტივით, მინიმალური ზღვარი, რომელიც დასაბრუნებელი პროდუქციის ღირებულებას განსაზღვრავს 50 ევროა და მომხმარებელი 5 ევროდ ღირებულ ნივთს ვერ დააბრუნებს.

ეს და სხვა შენიშვნები 12-გვერდიანი დოკუმენტის სახით ბიზნეს ასოციაციამ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს გადაუგზავნა, თუმცა, როგორც ნანუაშვილი ამბობს, კომიტეტმა კანონპროექტის შემუშავების პროცესში არცერთი მათგანი არ გაითვალისწინა.

ბიზნეს ასცოციაცია არც მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივას იზიარებს.

„ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მომხმარებელთა უფლებების დაცვის ომბუდსმენი, შევუქმნათ დიდი აპარატი, ვუყიდოთ მანქანები და კარგი ხელფასები დავუნიშნოთ, მაგრამ ეს ფული საიდან მოდის? რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან. ეს არის მოქალაქეების და ბიზნესის გადახდილი ფული. რატომ უნდა გადავიხადოთ ეს ფული იმაში, რაც შედეგს ვერ მოგვცემს ან შედეგს გაგვიუარესებს?” – აღნიშნა ნანუაშვილმა.

კანონპროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით განიხილეს და პირველი მოსმენისთვის მხარი დაუჭირეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მომზადებული ვერსია ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებას და მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირებას ითვალისწინებს.

კანონის პროექტის მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს, პროდუქციის შეძენიდან 14 დღის განმავლობაში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეძლოს ნივთის გამყიდველისთვის უკან დაბრუნება.