“ზოგჯერ ეს ანგარიშები თავისი ფორმითა და შინაარსით პოლიტიკური ოპონირების რეჟიმს ჰგავს”, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ დეპუტატი აკაკი ზოიძე კორუფციისა და ნეპოტიზმის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც ეს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშებშია წარმოდგენილი.
“რა თქმა უნდა, არის პრობლემა, საჭიროა ყურადღება და ეს არის ის მიმართულება, რაზეც მაქსიმალურად უნდა მოხდეს კონცენტრაცია“, – განუცხადა ჟურნალისტებს აკაკი ზოიძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.
უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი დავით მათიკაშვილი ფიქრობს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქართველოს ოფისი სუბიექტური და მიკერძოებულია.
“მომეცით საშუალება, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანგარიშის სანდოობაში, ეჭვი შევიტანო. დავიტოვებ ეჭვის საფუძველს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული კვლევები არ იყოს მართალი. სახელმწიფო კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად ბევრს აკეთებს. ის ვალდებულია, რომ მაქსიმუმი გააკეთოს ამისთვის. საქართველოს პარლამენტშიც მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე ხდება იმ რეგულაციების გამკაცრება, რომელიც ამ კუთხით აუცილებელია”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კორუფციის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები წარადგინა.
კვლევის თანახმად, კორუფცია კვლავაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოში გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი გამორჩენისთვის გამოყენება, ხოლო ხელისუფლება ასეთ შემთხვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს.