პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც აბასთუმნის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებული იქნება, საჭირო გახდება, მომავალი წლისთვის ბიუჯეტში ამგვარი სიტუაციებისთვის საჭირო რესურსი გაიწეროს.
გარდა ამისა, მისივე თქმით, სისტემური ცვილებები იქნება გასატარებელი, რათა მაღალი დონის მზადყოფნაში იყოს ჩვენი ქვეყანა.
„აბასთუმნის მახლობლად შერეული ტყის ხანძრის ჩასაქრობლად, დაახლოებით, 1000 ადამიანის სახით ცოცხალი ძალაა მობილიზებული. ასევე, მობილიზებულია ავიაცია. ძნელია, სტიქიას პროგნოზი გაუკეთო, მაგრამ, თუ კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს, ხანძარს მალე ჩავაქრობთ. რაც შეეხება ბორჯომის ხეობაში მიმდინარე ხანძრის სამუშაოებს, ეს იყო ერთობლივი ძალის კოორდინირებული მუშაობა, 3000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც ველზე იყო ცეცხლის ჩაქრობაში. ვფიქრობ, ეს გამოწვევა ღირსეულად კოორდინირებული მუშაობით დავძლიეთ. დამწვარი ტყის ფართობი ზუსტდება, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, ეს არის 200 ჰექტრის ფარგლებში და ჩვენ აუცლებლად აღვადგენთ განადგურებულ ტყეს“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.