თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მომავალი წლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა იმოქმედებს.
მისი თქმით, ავტობუსებისა და სამარშუტო ტაქსების საფასურის გადახდა, ყველა ტიპის საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი.
„მომავალი წლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა იქნება. ანგარიშსწორება ყველა ტიპის საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე, თბილისში ჩამოსული ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის. ამასთან, ახალი სისტემა მოგვცემს ანალიტიკის საშუალებას, დავინახავთ ზუსტ სურათს, როდის და რომელი მარშრუტებია გადატვირთული, სად არის საჭირო ტრანსპორტის დამატება და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმზე.
პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდება.
გარდა ამისა, მისი თქმით, იგეგმება ე.წ. გონიერი ქალაქის (Smart City) პროექტის განხორციელება.
„ეს გულისხმობს ისეთი ტექნოლოგიების დანერგვას, რომელიც ადამიანებისათვის ქალაქში უფრო ხელსაყრელ საცხოვრებელ გარემოს შექმნის. ამ მიმართულებით გარკვეული პროექტები უკვე განვახორციელეთ, მაგრამ ეს უფრო სისტემური უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ „მწვანე ქალაქის“ სამოქმედო გეგმას, რომელიც გულისხმობს გარემოსთვის კიდევ უფრო ნაკლებად დაბინძურებული სატრანსპორტო სისტემისა და მეტი სარეკრეაციო სივრცეების შექმნას, ასევე, შენობების ენერგოეფექტურობას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ამავე ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდება ავტობუსის ახალი ხაზების კვლევა და მეტროს მიმართულებით, საინვესტიციო გეგმა განხორციელდება.