მომავალი კვირის ბოლოდან, ახალგაზრდების მიერ თბილისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ინფორმაციით, დედაქალაქის ახალი მერი გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში დღეს კიდევ ერთხელ იმყოფებოდა და „თბილსერვის ჯგუფს“ შესრულებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.
„რამდენიმე დღის წინ მიწისქვეშა გადასასვლელის მორეცხვითი სამუშაოები და არსებული მდგომარეობის გამოსწორება დავიწყეთ. დღეს სამუშაოები უკვე სრულად დამთავრებულია. ადგილზე დამონტაჟდა ანტივანდალური განათების სისტემები. ერთადერთი, რაც გასაკეთებელი რჩება, ანტივანდალური სათვალთვალო კამერებია, რომლის მონტაჟსაც რამდენიმე დღეში დავიწყებთ. აღნიშნული პროცესი სრულად დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სამუშაოები მაღალ დონეზე შესრულდა. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე, განსაკურებით კი ღამის საათებში, მორიგეობა გაგრძელდება, რათა არსებული მიწისქვეშა გვირაბის ინფრასტრუქტურა არ დაზიანდეს.
რაც შეეხება მიწისქვეშა გვირაბების მოხატვის საკითხს, რომელსაც კახა კალაძის თქმით, ახალგაზრდების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, აღნიშნული პროექტის განხორციელება მომავალი პარასკევიდან, ან შაბათიდან დაიწყება.
„ვიცი, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას აქვს სურვილი ჩვენი დედაქალაქის განვითარებაში ჩაერთოს. მომავალი პარასკევი-შაბათიდან, უკვე შეგვიძლია გვირაბის მოხატვა-გალამაზება დავიწყოთ. ვისაც სურვილი აქვს, შეგიძლიათ პირადად მეც მომწეროთ, თქვენი მოსაზრებები ან კომენტარებში დააფიქსიროთ. ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით და ყველას მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ თქვენი წვლილი შეიტანოთ ქალაქის გალამაზებაში. ანალოგიური მიდგომა იქნება ყველა გადასასვლელთან დაკავშირებით. სამუშაო მართლაც ბევრია. რაც მთავარია, ჩვენ ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა თბილისის ახალმა მერმა.
კახა კალაძე აღნიშნულ მიწისქვეშა გადასასვლელში, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, რამდენიმე დღის წინაც იმყოფებოდა, რა დროსაც მათ გადასასვლელების დასუფთავებისა და მოწესრიგების სამუშაოების დაწყება სთხოვა. „თბილსერვის ჯგუფმა“ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავება მორეცხვითი სამუშაოებით დაიწყო.
აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა გადასასვლელის სპეციალური ხსნარით დამუშავდა და ე.წ. კერხერის აპარატით მოირეცხა. პარალელურად, მოეწყო განათების ქსელიც.