ახალი ხედვა განვითარების პრობლემების გადასაჭრელად – საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სწრაფი განვითარების ლაბორატორია ამოქმედდა.
მომავალი გვიხმობს, ჩვენ ვპასუხობთ! – ეს არის UNDP-ის ახალი მიმართულების მთავარი დევიზი და ის მიზნად ისახავს გამოიყენოს თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები განვითარების გამოწვევების საპასუხოდ.
ლაბორატორიის გახსნის შედეგად, საქართველო იმ 92 ლაბორატორიის მსოფლიო ქსელს შეუერთდა, რომელიც 116 ქვეყანას ემსახურება.
UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიები სამ ძირითად ფუნქციას ითავსებს:
◼ ადგილობრივი გადაწყვეტების მოძიება, რომლებიც ექსპერტების ყურადღების მიღმა აღმოჩნდა;
◼ ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების გამოყენება მონაცემების რეალურ დროში მისაღებად და განვითარების მიმდინარე ტრენდების გამოსავლენად;
◼ მცირე მასშტაბის ექსპერიმენტების ჩატარება სხვადასხვა მიდგომის ეფექტიანობის შესამოწმებლად.
ინოვატორების, ექსპერიმენტატორებისა და მკვლევარების იმ სწრაფად მზარდ ქსელზე, რომელსაც წელს საქართველოც შეუერთდა, საუბრობს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და UNDP-ის რეგიონული დირექტორი მირიანა სპოლიარიჩ ეგერი:
“UNDP ახლებურად უყურებს თავის საქმიანობას. სწრაფი განვითარების ლაბორატორიის მეშვეობით, ახალ მიდგომებს ვიყენებთ იმისთვის, რომ ქვეყნებს განვითარებასთან დაკავშირებული და რთულად გადასაჭრელი გამოწვევების დაძლევაში დავეხმაროთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი უახლესი სწრაფი განვითარების ლაბორატორია სწორედ საქართველოში უნდა გახსნილიყო”.
მან ხაზი გაუსვა საქართველოს შთამბეჭდავ მიღწევებს ინოვაციების დანერგვისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების მხრივ და ყურადღება გაამახვილა პანდემიის დროს გადადგმულ ნაბიჯებზე მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისთვის ხარისხიანი მომსახურების გასაწევად ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით.
როგორც UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა აღნიშნა, სწრაფი განვითარების ლაბორატორიის მეშვეობით, ხელმისაწვდომი ხდება კოლექტიური ინტელექტის რესურსები, რაც შესაძლებლობებს ზრდის:
“სწრაფი განვითარების ლაბორატორია ამდიდრებს და აძლიერებს ჩვენს საქმიანობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მზა პასუხები არ გვაქვს და “შეშლილ მეცნიერთა” ექსპერტიზა გვჭირდება. სწრაფი განვითარების ლაბორატორიის მეშვეობით, ხელი მიგვიწვდება კოლექტიური ინტელექტის რესურსებზე, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და სრულიად განსხვავებულ კონტექსტში შემუშავებული გადაწყვეტები გამოვიყენოთ. სწრაფი განვითარების ლაბორატორია უფრო ეფექტიანს გახდის ჩვენს მიმდინარე პროგრამებს და ახალი ინიციატივების პერსპექტივებსაც გამოავლენს”.
სწრაფი განვითარების ლაბორატორიის საქართველოს გუნდი სამი ადამიანისგან შედგება და თავისი მუშაობის პირველ 100-დღიან ციკლს აჯამებს, რომელიც სამ ძირითად საკითხს ეხება:
◼ ციფრული ხელსაწყოების გამოყენება შორეულ რეგიონებში მუნიციპალური სერვისების განვითარებისთვის;
◼ ნარჩენების დახარისხების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა;
◼ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მონაცემების საზოგადოებისთვის ახლებურად მიწოდება და სოციალური ქცევის ტრანსფორმირების ხელშეწყობა.
ლაბორატორია ასევე იკვლევს ვაქცინირების მიმართ საქართველოში არსებულ საზოგადოებრივ ორჭოფობას, რაც თანხვედრაშია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი კოალიციის მუშაობასთან კოვიდ-19-ის ვაქცინების დროულ შემოტანისა და ვაქცინირების პროცესის დაუყოვნებელ დაწყების მიმართულებით.
სწრაფი განვითარების ლაბორატორიის საქმიანობა გერმანიისა და ყატარის მთავრობების ხელშეწყობით ხორციელდება.
ლაბორატორიის გახხნა შეაფასა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმაც:
“გერმანია მოხარულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ქვეყანამ ეფექტიანად გამოიყენოს მსოფლიო გამოცდილება ინოვაციების სფეროში. ჩვენი უპირველესი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს, გამოვიდეს პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან და განაახლოს წინსვლა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე. ამ მხრივ კი, სწრაფი განვითარების ლაბორატორიას შეუძლია სხვადასხვა ინოვაციური მეთოდი შესთავაზოს ქვეყანას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთო ძალისხმევის წარმატებაში”.
საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლების განცხადებით, ღონისძიების მსვლელობაში გაიმართა ინტერაქტიული ქვიზი, რომლის მეშვეობით სწრაფი განვითარების ლაბორატორიის გუნდმა კიდევ ერთხელ შეაჯერა ის პრიორიტეტული სფეროები, რომლებიც მათ თავისი მუშაობის პირველი 100-დღიანი ციკლისთვის შეარჩიეს. ჩაღრმავებული დისკუსია ამავე საკითხებზე გაიმართება ორ კვირაში დაგეგმილ სემინარზე, რომელსაც UNDP-ის პარტნიორები დაესწრებიან.