პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე 40 კრიტიკული პაციენტია და არცერთი საწოლი თავისუფალი არ არის. ამის შესახებ რატიანმა “რუსთავი 2”-ს ეთერში ისაუბრა.
“კლინიკაში საწოლფონდი იმ რაოდენობით არის, რა რაოდენობითაც შესაძლებელია მოვემსახუროთ განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს, რომლებიც ჩვენს კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას. ამ წუთისათვის, კლინიკაში არცერთი საწოლი თავისუფალი არ არის. მართალია, ეს არის პერმანენტული პროცესი და დგება მომენტები, როდესაც გამოჯანმრთელებული პაციენტები ეწერებიან და მის ადგილზე ვიღებთ ახალ პაციენტებს. მაგრამ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა ჩვენს კლინიკაში მომართვიანობამ ამ ეტაპზე, არცერთი პაციენტის თავისუფალი საწოლი კლინიკას არ გააჩნია. ჩვენ გვაქვს 40 საწოლი მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტებისათვის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში, ორმოცივე დაკავებულია”.- აცხადებს ლევან რატიანი.
ამასთან, რატიანმა კორონავირუსის ინდური შტამის თავისებურებებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ამ შტამის ვირუსი უფრო ტოქსიკურია და ადამიანის ორგანიზმში შეჭრისას ბევრად სწრაფად შეუძლია სამიზნე ორგანოს დაზიანება.