მოლდოვის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, ამის გამო რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს.
„შავ ზღვაში განთავსებული რუსული ხომალდებიდან დღეს დილით უკრაინისკენ გაშვებულმა სამმა ფრთოსანმა რაკეტამ მოლდოვას საჰაერო სივრცე გადაკვეთა.
გავეცი დავალება, რომ რუსეთის ელჩი, ახსნა-განმარტების მისაცემად გამოეძახებინათ“, – წერს მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკუ პოპესკუ.
შეგახსენებთ, რუსეთის სამხედრო ძალებმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დღეს გამთენიისას, იერიში მიიტანეს კიევზე, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი. სარაკეტო იერიშები განხორციელდა უკრაინის სხვა ქალაქებზეც.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში