LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოკლე გზა დასაქმებისკენ” –  “ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” დაფინანსებით, 2 ახალი პროექტი განხორციელდა

ფოტო

ინოვაციური ვებ-პლატფორმა ECO Factory და სასწავლო პროგრამა ქოლ-ცენტრის ოპერატორებისთვის – პროფესიული განათლების პროგრამის ფარგლებში, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსებით, 2 ახალი პროექტი განხორციელდა.

ინოვაციური ვებ-პლატფორმა (www.ecofactory.ge), რომელიც ორგანიზაციამ „კავკასიის ფერები“, ჟურნალ Hello Georgia-სთან თანამშრომლობით მოამზადა, პროფესიული განათლების კურდამთავრებულების მიერ შექმნილი პროდუქციის და მომსახურების კომერციალიზაციას ონლაინ რეჟიმში ახდენს. პროექტი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველოს“ მცირე საგრატო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის თქმით, ვებ-პლატფორმა ECO Factory გახლავთ საუკეთესო საშუალება, რომ პროფესიული საგანმანათლებლო ინსტიტუციების კურსდამთავრებულების კერძო და საჯარო სექტორთან დაკავშირების გზით, ხელი შეეწყოს მათ დასაქმებას.  მაგდა მაღრაძე აღნიშნავს, რომ პროფესიული განათლება დასაქმებისკენ მიმავალი მოკლე გზა გახლავთ .

„ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგინა ჟურნალმა Hello Georgia-მ და კავკასიის ფერებმა, რომლებიც გაერთიანდნენ იმისთვის, რომ ხელი შეეწყოთ პროფესიული განათლებისთვის და პროფესიების პოპულარიზებისთვის და შექმნეს ონლაინ პლატფორმა ECO Factory, რომელიც მალე ჩაეშვება და იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამ პლატფორმაზე თქვენ შეგიძლიათ მონახოთ პროფესიული საგანმანათლებლო კურსდამთავრებულები, რომლებიც გვთავაზობენ თავიანთ პროდუქციას, მომსახურებას,“- აღნიშნავს მაგდა მაღრაძე.

ქოლ-ცენტრის ოპერატორებისთვის სასწავლო პროგრამა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა 112-მა განახორციელა.

„ცენტრმა 112-მა განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსებით, რომელიც გულისხმობს ოპერატორების გადამზადების პროგრამის დანერგვას, განვითარებას და ამ ცენტრის სასწავლო პროგრამის გახსნას დაინტერესებული სტუდენტებისთვის,“- აღნიშნავს მაგდა მაღრაძე.

პროექტის ფარგლებში ფონდის მხარდაჭერით, შეიქმნა ანალიზის დოკუმენტი, პროფესიული სტანდარტი და განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამა ქოლ-ცენტრის ოპერატორებისთვის.

პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტები არამარტო 112-ს, არამედ იმ ნებისმიერ უწყებას და ორგანიზაციას გამოადგება, რომელსაც სურს ქოლ-ცენტრის გამართვა ან არსებული ქოლ-ცენტრის თანამშრომლების სტანდარტების შესაბამისად გადამზადება.