მშობლებისა და 38 წლის წინ დაკარგული შვილის შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, შემთხვევა ჩინეთში მოხდა. 70 წლის მამაკაცმა და მისმა მეუღლემ უკანასკნელი 4 ათწლეული ლოცვაში გაატარეს, მათ უფალთან ერთადერთი სათხოვარი ქონდათ – დაკარგული შვილის ცოცხლად დაბრუნება.
ოჯახი შენსის პროვინციაში ცხოვრობდა, როდესაც 2 წლის ვაჟი სახლიდან გაქრა. ბავშვის ძებნაში მთელი სოფელი ჩაერთო, თუმცა გაუჩინარებული ბიჭუნა ვერსაც იპოვეს.
მამამ შვილის მოძებნა ახლომახლო ქალაქებში სცადა, თუმცა კვალს ვერსად გადააწყდა. დედას კი ნერვიულობის გამო ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო.
4 ათწლეულის გასვლის შემდეგ ტექნოლოგიები დაიხვეწა და დაკარგულის პოვნა პოლიციამ დნმ–ს ბაზის გამოყენებით შეძლო. 40 წლის ცზინ შუი ცოლთან და ორ შვილთან ერთად მშობლებისგან 1100 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა.
ცზინის სახლში დაბრუნება ძალიან ემოციური მომენტი იყო, ცრემლების შეკავება არავის უცდია.
„ამ დღეს მთელი 38 წელი ველოდი. ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ შვილთან ერთად შვილიშვილებსაც ვნახავდი.“ – განაცხადა ბედნიერმა მამამ.
აღსანიშნავია, რომ ადამიანთა ტრეფიკინგი ჩინეთში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ყოველწლიურად 70 000–მდე არასრულწოვანი იკარგება. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მათ ნაწილს ყიდიან, ნაწილს კი მდიდარ ოჯახებში აშვილებენ.