იუმორისტი, ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კოვიდმა მისი მეგობრის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„ზესტაფონში, ჩემ უბანში ძალიან ბევრი ბავშვი ვიზრდებოდით ერთად. რამდენიმე თაობა ვიყავით – ჩემხელა, ჩემზე 2 წლით პატარები და ცოტა უფრო პატარები.
ყველა თაობაში მინიმუმ 10 ვიყავით. ხომ წარმოგიდგენით, რა ხმაურიანი, ჟრიამულით, ბავშვების კისკისით სავსე უბანში გავიზარდე
ამ დიდ უბანში ყველას ყველა გვიყვარდა, და-ძმებივით ვიყავით, ყველგან მისვლა, ყველგან თამაში, ცხელი ხაჭაპურები, ბებია-ბაბუების სახელდახელოდ ჯიბიდან ამოღებული კანფეტები გველოდა.
მაგრამ იყო ერთი ოჯახი, მამია დუგლაძის ოჯახი. მამიას ცოლი თინა, მაჭავარიანის ქალი იყო, როგორც ჩემი ნორა. ერთი სოფლიდან იყვნენ, ლახუნდარიდან. ჩვენსავით ერთად გაზრდილებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. სასწაული ხალხი იყო, საოცარი იუმორით. ვგიჟდებოდი მაგათთან მისვლაზე.
მაგრამ ბავშვები, რომლებიც დუგლაძეებში ცხოვრობდნენ ჩემზე პატარები იყვნენ, ჩემ ძმასთან ერთად იზრდებოდნენ. მაშინ ასაკში 5,6,7 წელი განსხვავება, ძალიან ბევრს ნიშნავდა. ამიტომ ფაქტობრივრად ჩვენ ვზრდიდით.
მამიას ორი შვილი ჰყავდა – ვალერი და თამილა. ვალერი ზესტაფონში ცხოვრობდა, თამილა თბილისში.
რაიონში ზაფხული დამატებით იმითაა კარგი, რომ თბილისიდან ბავშვები ბებია- ბაბუებთან ჩამოდიოდნენ არდადეგებზე.
ამ ოჯახშიც ჩამოდიოდა ხოლმე ერთი ძალიქნ ლამაზი, ძალიან ძალიან საყვარელი შვილიშვილი გოგა.
ამ სურათზე სწორედ გოგაა. ეს საოცრად თბილი ბიჭი. მართლა ჩემ ხელში გაზრდილი ბავშვი.
ჩემზე 5 წლით იყო პატარა. ძალიან მიყვარდა და იმას ძალიან ვუყვარდი.
გუშინწინ დილით გავიგე, რომ ეს საოცარი ბიჭი კოვიდმა მოკლა რამდენიმე საათი ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ყველაფერი მახსენდებოდა. თავისი კოვიდიანი ბაბუა, მამია წაუყვანია საავადმყოფოში და იქ შეეყარა ეს საშინელი ვირუსი. ბაბუა გამოჯანმრთელდა, გოგა გარდაიცვალა.
ძალიან მოხუცმა ბაბუამ არ იცის, რომ შვილიშვილი მოუკვდა. ვერ გადაიტანს ამ საშინელ ამბავს. გოგა რამდენიმე დღეში 38 წლის გახდებოდა, რომ არა კოვიდი…
ღმერთმა ნათელში გამყოფოს, ჩემო პატარა ბიჭო, ჩემო პუტკუნა გოგა. რამდენს უნდა გაუძლოს ჩვენმა გულმა, ჩვენმა ნერვებმა?! აიცერით, ხალხო, აიცერით“,- წერს ნიკა ქავთარაძე.