LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოხალისეთა ორგანიზაციები დაგვეხმარება, რომ შევქმნათ კიდევ უფრო მეტი რეზერვი და გავუწიოთ პოპულარიზაცია ჩვენს ჯარს“: ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ახალ კოდექსზე

182
ჯუანშერ ბურჭულაძე

„მოხალისეთა ორგანიზაციები დაგვეხმარება, რომ შევქმნათ კიდევ უფრო მეტი რეზერვი, გავუწიოთ პოპულარიზაცია ჩვენს ჯარს და თავიდან ავირიდოთ ის რისკები, რაც შეიძლება ახლდეს სამხედროსთან გაიგივებულ საქმიანობას“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ახალ კოდექსზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, თავდაცვის ახალი კოდექსით განისაზღვრება თავდაცვის სფეროში მოხალისეთა ორგანიზაციის მინიჭების სამართლებრივი სტატუსი.

„ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარული გახდა მოხალისეთა ორგანიზაციები; ბევრი ახალგაზრდა გაწევრიანდა და, ბუნებრივია, ეს პროცესი არ უნდა იყოს ანარქიული. თავდაცვის ახალი კოდექსი ორიენტირებულია, რომ ეს თემა ჩარჩოებში მოაქციოს.

ვითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო უფრო მეტად იყოს დაზღვეული რისკებისგან, რაც არ შეიძლება მოდიოდეს ანალოგიური ორგანიზაციების დაფუძნებისგან, სამხედროსთან გაიგივებული საქმიანობისგან.“– განაცხადა მინისტრმა.

ბურჭულაძე: კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ მოქალაქეებმა ჯარს თავი მექანიკურად აარიდონ – წელს მხოლოდ 1 ორგანიზაციიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავი 12 000-მა ადამიანმა აარიდა 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის კოდექსით უწყება უფლებამოსილი იქნება ხელი შეუწყოს იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას.

თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ახალ კოდექსსა საუბრისას იმ მოქნილ, გამარტივებულ სისტემაზე ისაუბრა, რასაც თავდაცვის უწყება სამხედრო სამსახურის გავლის პროცესში პოტენციურ პირებს, მათ შორის სტუდენტებს შესთავაზებს.

„წვევამდელთა ჯარი ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო“ – ვის გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში

„საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის და როგორც რუსეთის აგრესიის პირდაპირი სამიზნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის თავდაცვა იყოს ყველა მოქალაქის ვალდებულება.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.

მისი თქმით, ახალგაზრდებს 23 წლის ასაკამდე სურვილისა და არჩევანის მიხედვით, სამხედრო წვრთნის სტუდენტობის პერიოდშივე გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

მინისტრის განმარტებით, სტუდენტებს სამხედრო ბაზებზე ინტენსიური მომზადება ოთხი წლის განმავლობაში წელიწადში ერთი თვე მოუწევთ, რომლის დასრულებისთანავე სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება:

„გავაფართოვეთ პოტენციურ პირთა წრე, ვისაც შეიძლება შეეხოს სავალდებულო ჯარი. იქნება 3 არჩევანი – კონკრეტულ შემთხვევაში, 6-თვიანი უფრო ინტენსიური საბრძოლო მომზადების კურსი, 8-თვიანი კურსი, რომელიც უფრო დამხმარე კომპონენტი იქნება, თუმცა საწყის საბრძოლო მომზადებას ისინიც გაივლიან, ასევე იმ სტუდენტებისთვის, ვინც მოხვდება ამ სიაში, იქნება არჩევანის საშუალება.

ჯუანშერ ბურჭულაძე: „2023 წელს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 260 მილიონი ლარით იზრდება“

სტუდენტებისთვის ინტენსიური დღეების რაოდენობა 108 დღეს შეადგენს. ეს არის მოქნილი სისტემა, რომელიც მათ ხელს არც განათლების მიღებაში შეუშლის და არც სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდაში.“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სტუდენტებისთვის გათვალისწინებულ პრივილეგიებზე საუბრისას.