საქართველო საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადადის. მოქნილი, მარტივი, მაღალეფექტური და ოპერატიულობაზე აქცენტირებული უწყება – ასეთია რეფორმის მთავარი მიზანი. ახალი მოდელის მიხედვით, დეტალურად იმიჯნება სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები და საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება შემფასებელი, გადაწყვეტილების მიმღები, კოორდინატორი და შესაბამისად, პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ საგანგებო ვითარებაზე.
საკანონმდებლო პაკეტი ჯამში 30 ცვლილებას მოიცავს. პარალელურად, დაგეგმილია ტექნიკური გადაიარაღებაც.
ოპერატიულობა იერარქიულობის ნაცვლად
ბოლო წლების ერთ-ერთი მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფა 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიაა. სტიქია მაშინ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათეულობით ადამიანმა დაკარგა საცხოვრებელი, განადგურდა თბილისის ზოოპარკის დიდი ნაწილი და ქალაქის ინფრასტრუქტურა. ვერეს ტრაგედიის შეფასებისას საზოგადოების და სპეციალისტების ნაწილი 112-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაგვიანებულ კოორდინაციაზე საუბრობდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი მოდელი უწყებებს შორის კოოორდინაციის და დროის დაზოგვის მიზნით, გადაწყვეტილებათა მთელ ჯაჭვს საგანგებო სიტუაციების სამსახურში უყრის თავს. ამჟამინდელი მართვის 5 დონიანი სისტემა 2 დონიანი, გამარტვებული მოდელით იცვლება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურისტის განმარტებით, არსებული კანონი უფრო დიდი ქვეყნებზეა გათვლი, ახალი სისტემა კი, საქართველოზეა მორგებული, ბევრად მარტივია და ოპერატიული.
„ახალი კანონპროექტის მიხედვით, საგანგებო სიტუაციები ორი დონით განისაზღვრება: ადგილობრივი და ეროვნული მნიშვნელობის დონე. კანონით დადგინდება კრიტერიუმებიც თუ რა გარემოებებით უნდა მოხდეს მოვლენის შეფასება. საგანგებო სიტუაციის მართვის ძველი მოდელი იერარქიულია, გადაწყვეტილებას ჯერ მუნიციპალიტეტი იღებს, შემდეგ სამხარეო დონეზე წყდება, ბოლოს ცენტრალურზე, ეს პროცესი ოპერატიულობის თვალსაზრისით წამგებიანი იყო,“ – განმარტავს „ფორტუნასთან“ ირაკლი ივანიძე.
კოორდინაციისა და ოპერატიულობის გაზრდის თვალსაზრისით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის სარგებლობაში გადადის კრიზისების მართვის ეროვნულ სიტუაციური ოთახიც. ეს თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტია, საიდანაც კრიზისული მდგომარეობის მართვა ხდება. ცენტრში შექმნილია საერთო სივრცე და ყველა პირობა სხვადასხვა უწყების თანამშრომლის მუშაობისთვის, რაც აუმჯობესებს მართვის და კოორდინაციის ხარისხს. თანამედროვე აპარატურა ინციდენტების ადგილიდან ინფორმაციის (მათ შორის ვიდეო-აუდიო სიგნალების) ოპერატიულად გადმოცემის საშუალებას იძლევა, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს ამარტივებს.
„დელტა“ სახანძრო მანქანების წარმოებას იწყებს
ახალ რეფორმაზე საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აღნიშნავს, რომ „რეფორმას საფუძვლად ქვეყანაში მომხდარი მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფების ანალიზი დაედო. გათვალისწინებულია უცხოური ქვეყნების გამოცდილებაც და სახელმწიფოს სჭირდება ბევრად მარტივი მოდელი, რომელიც გაზრდის გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების ეფექტურობას“.
გამოცდილების თვალსაზრისით, საგნგებო სიტუაციების სამსახურისთვის 2017 წლის ზაფხული მნიშვნელოვანი გამოდგა. ტყის მასიურმა და მაშტაბურმა ხანძრებმა ყველა ის სუსტი წერტილი გამოავლინა, რაც ამ სფეროში არსებობდა, მათ შორის, ტექნიკური აღჭურვა.
გარდა საკანონმდებლო ცვლილებისა, რეფორის ფარგლებში საგანგებო სიტუაციათა სამსახურის სრული ტექნიკური გადაიარაღებაც იგეგმება. პრემიერმინისტრის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტექნიკუირ აღჭურვა წლის ბოლომდე მოხდება.
„უკვე გამოცხადებულია ტენდერი სპეციალურად ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერთან“, რომელიც მსოფლიოში ლიდერია ასეთი ტიპის მოწყობილობების წარმოებაში. „როზენბაუერი“ ქართულ კომპანია „დელტასთან“ ერთად დაიწყებს ერთობლივი ოპერატიული სახანძრო მანქანების წარმოებას. ეს იქნება “პიკაპის” ჩონჩხზე აწყობილი მანქანები, რომელსაც ექნება „როზენბაუერის“ აპარატურა და მოწყობილობა. რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლარები და წლის ბოლომდე პრაქტიკულად უნდა გვქონდეს ასეთი ტიპის მანქანების გამართული წარმოება,“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოხალისეთა რაზმი
ვერეს ხეობის წყალდიდობის შედეგების გამოსწორებაში მოხალისეების როლი მნიშვნელოვანია. დიდი იყო მათი დაინტერესება ცეცხლთან ბრძოლაში აგვისტოს ხანძრების დროსაც.
რიგითი მოქალაქეების უანგარო დახმარების პარალელურად, პრობლემები აქაც გამოიკვეთა, ვერეს ხეობის დასუფთავებისას მოხალისეები სამუშაო იარაღებს, ხელთათმანებს და ა.შ. ხშირად საკუთარი ხარჯებით ყიდულობდნენ. ხანძრის შემთხვევაში მოხალისეებისთვის დახმარებაზე უარის თქმის მიზეზი მათი გამოუცდელობა იყო.
მასშტაბური კატასტროფების დროს მოხალისეთა რაზმის გამოყენება ახალი რეფორმის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.
კანონის მიხედვით დადგინდება კრიტერიუმები, რომელსაც მოხალისე უნდა აკმაყოფილებდეს, რის შემდეგაც მოხალისეთა ერთიან სისტემაში დარეგისტრირდება მოხდება. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების სამსახური მოხალისეებს საკუთარი ხარჯებით გადაამზადებს, ისინი ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან პირველადი საჭირო ინვენტარითაც. კანონი განსაზღვრავს მოხალისეთა გამოყენების სიტუაციებსაც, მაგალითად, მოხალისე უშუალოდ ხანძრის ჩაქრობაში არ მიიღებს მონაწილეობას და დამხმარე ფუნქცია, წყლით მომარეგება, ავზების შევსება და ა.შ. ექნება.
მოხალისეების გარდა სამაშველო სამსახურების საქმიანობაში ჩაერთვებიან წვევამდელებიც. ის ახლაგზარდები, რომლებიც რელიგიური ან სხვა მოტივით ალტერნატიულ შრომით სამსახურში არიან გაწვეულები, ცვლილების თანახმად, სამხედრო სამსახურს საგანგებო სიტუაციების სამსახურში გაივლიან.
ევროკავშირის შეფასება
გამორჩეული, ინოვაციური და ყოვლისმომცველი სამართლებრივი დოკუმენტი – ასე აფასებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეფორმას ევროკავშირი.
ევროკავშირის ექსპერტების მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტში განსაზღვრული საგანგებო სიტუაციების მართვის პრინციპი თანხვედრაშია ჟენევის კონვენციაში ასახული ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებთან.
თამუნა გოგუაძე