LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურობა ნიდერლანდებში

70

ნიდერლანდები – უნიკალური ქვეყანაა, სადაც ყველაფერი უჩვეულოა გეოგრაფიიდან დაწყებული ლანდშაფტებამდე, ისტორიიდან და საუკუნოვანი ტრადიციებიდან კოსმპოპოლიტურ წეს-ჩვეულებამდე. ტერიტორიის მეოთხედზე მეტი ზღვის დონის დაბლაა. ნიდერლანდები დიდი ფილოსოფოსების, სპინოზას და ერაზმ როტერდამელის, ასევე დიდი მხატვრების რემბრანდტის, ვან გოგის და ბოსხის სამშობლოა. აქ მუზეუმების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა. თვალწარმტაც პეიზაჟებში ძველი ქალაქები და ციხესიმაგრეებია გადაჭიმული, პარკებში მრავალფეროვანი ტიტები და ყვავილებია, არხები კი რომანტიულობის შეგრძნებას იწვევს.

ადგილობრივებს სწყინთ ხოლმე, როდესაც მათ ქვეყანას ჰოლანდიას ეძახიან. ეს ხომ 12 პროვინციიდან ერთ-ერთია – თუნდაც ყველაზე განვითარებული და პოპულარული.

ტურისტების საყვარელი წარმოდგენა ნიდერლანდებზე გახლავთ – ქვეყანა ტიტების, წისქვილების, დამბების, არხების, ფაიფურის, მხატვრების, ხის ფეხსაცმლების, ყველის, ველოსიპედების, ყვავილების…

ნიდერლანდები – დახვეწილია, ძველი და ულტრათანამედროვე. ის მუდამ გიხმობს და წარუშლელ შთაბეჭდილებებს გიტოვებს.

აქ ყველაფერი მოგწონს და გიზიდავს:
სილამაზე, სიმშვიდე, წესრიგი, სიმწვანე, ღიმილი, ქუჩები, ქვაფენილი, ტროტუარი, ტრამვაი, ველობილიკები, არხები, ველოსიპედები, ყვავილები, ტკბილეული, შეგნება, ხალხი, თავისუფლების შეგრძნება…

 

 

დელფტი

 

განსაკუთრებით მომაჯადოებელია ნიდერლანდების პატარა ქალაქები მყუდრო ქუჩებით, ამის დასტურია დელფტი, სადაც თითქოს ზღაპრულ სამყაროში ხვდები და შენც ზღაპრის პერსონაჟად იქცევი. შესანიშნავი პატარა ქალაქი და განუმეორებელი ატმოსფერო.

დელფტი ნამდვილი მუზეუმია ღის ცის ქვეშ. მას ჰოლანდიის „აბსოლუტურ ცენტრსაც“ უწოდებენ. დელფტის ისტორიული ცენტრი მე-17 საუკუნისაა და კარგად შემონახულია. მიაჩნიათ, რომ დელფტის ბაზრის მოედანი, ახალი ეკლესიის 109-მეტრიანი სამრეკლოთი ყველაზე ლამაზია ქვეყანაში.

დელფტი ცნობილია ისტორიული ძეგლებით, რომელთა უმრავლესობა მე-16-17 საუკუნეებშია შექმნილი და თვალწარმტაცი არხებით, რომელშიც ძველებური შენობები აისახება.

ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა პრინსენხოფის სასახლე (Prinsenhof). მუზეუმი არა მარტო შუასაუკუნეების სურათებს, არამედ ფაიფურისა და ვერცხლის კოლექციას მოიცავს. სასახლის გვერდითაა 75-მეტრიანი გოთიკური ძველი ეკლესია (Oude Kerk), რომელიც მე-13 საუკუნის ბოლოს ააგეს ხის ტაძრის ადგილზე.

ბაზრის მოედანზეა ქალაქის რატუშა (მე-17 ს) ნიდერლანდური რენესანსის სტილში.

დელფტი პირველი ქალაქია ჰოლანდიაში, სადაც საციხო კედლები აუგიათ.

დელფტში რამდენიმე საინტერესო მუზეუმია. მაგალითად, ლამბერტ ვან მეერტენის მუზეუმი, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი სახელგანთქმული დელფტის ფილის ნაკეთობებითა და საგნებით. აქ ნახავთ ყველაზე ძველ და ყველაზე საოცარ ქაშანურის ჭურჭლის კოლექციას.

დელფტი იან ვერმეერის დაბადების ადგილია. ოქროს ხანის უდიდესი მხატვარი დაკრძალულია ძველ ეკლესიაში.

ქალაქის სახელწოდება მოდის სიტყვისგან Delf – ხელოვნურად გათხრილი თხრილი, არხი.

დელფტი იყო ნიდერლანდების პირველი დედაქალაქი.

ლეიდენი

ლეიდენი ერთ-ერთი თვალწარმატაცი ქალაქია მდინარე ძველ რეინზე და ცნობილია ისტორიული ცენტრით (არხებით) და ქვეყნის უძველესი უნივერსიტეტით. სწორედ აქ დაიბადა რემბრანდტი.

ლეიდენზე პირველი ცნობები 860 წლით თარიღდება.

ასწლიანი ომის დროს აქ მორბოდნენ ბელგიელი ფეიქრები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ტექსტილის მრეწველობას და ქალაქის განვითარებას.

დღეს ლეიდენი ნიდერლანდების ერთ-ერთი კულტურული და სამეცნიერო ცენტრია.

ლეიდენი არხების ქალაქია. ძირითადია Rapenburg, რომელიც ლეიდენელი პატრიოტების თქმით, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი არხია.

3 ოქტომბერს ქალაქის დღესასწაულია: ლეიდენის ალყის მოხსნა.

ამ დღეს ზეიმობენ 1574 წელს ესპანეთის არმიის ალყის მოხსნას. ტრადიციის მიხედვით 3 ოქტომბრის დილით მიირთმევენ ქაშაყს თეთრი პურით, ხოლო ვახშამზე აქვთ ტრადიციული ჰოლანდიური გიუცპოტი (მოშუშული ხორცი კარტოფილით, სტაფილოთი და ხახვით).

აღნიშვნის ტრადიცია 1886 წლიდან იღებს სათავეს.

პური და ქაშაყი ფესტივალის სიმბოლო გახდა.

უტრეხტი

ქვეყნის შუაგულში მდებარეობს. ქალაქი საკათედრო ტაძრის ირგვლივ გააშენეს, რომელიც ფაქტობრივად ყველა წერტილიდან ჩანს. უტრეხტი არის „ამსტერდამი მინიატურაში“ და ნიდერლანდების საველოსიპედო დედაქალაქი: ლამაზი არხები, სახლები წყალთან და მყუდრო კაფეები, ისტორიული ცენტრი ავტომობილების გარეშეა და ათასობით ველოსიპედია.
უტრეხტი ასევე გახლავთ ქვეყნის რელიგიური ცენტრი. აქ არის უმსხვილესი ჰოლანდიური უნივერსიტეტი.

უტრეხტი ამსტერდამზე ხნიერია. ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-ით I საუკუნეში აქ გამოჩნდა რომაული გარნიზონი და ააგეს ციხესიმაგრე, რომელიც რომის იმპერიას ჩრდილო-დასავლეთიდან იცავდა.

გუმბათის (დომის) ტაძარი უტრეხტის უძველესი ადგილია, ქალაქის სიმბოლო და ჰოლანდიური გოთიკის სტილის შედევრი.

ადგილობრივ ლუდს Stadskasteel Oudaen მე-13 საუკუნიდან ხარშავენ.

უტრეხტის ორიარუსიანი არხები (ამსტერდამისგან განსხვავებით) და ნავსაბელი ქალაქის ღირსშესანიშნაობებია და ძველი ინჟინრების უნიკალური ნაგებობებია. Oudegracht (მთავარი არხი) ქალაქის გულში გადის და მდინარის კურსის შესაცვლელად ააგეს.

1579 წელს უტრეხტში დაიდო კავშირი, რომელმაც გააერთიანა ჰოლანდიის პროვინციები ერთ სახელმწიფოში.

ამსტერდამი

ამსტერდამი – ქალაქი-ოცნება, ქალაქი-კალეიდოსკოპი. თავისუფლების განსახიერება, ის მუდამ განსხვავებულია, აქ ყველა იპოვის რაღაც საკუთარს. ნებისმიერისთვის ამსტერდამი უნიკალური და განუმეორებელია.

ამსტერდამი საოცარია. ტანადი და ლამაზი ხალხი, ჰაერში გაფრქვეული არომატი, ვან გოგის პალიტრა, რემბრანდტის შექმნილი ფერები, ტიტების ზღვა, იდილიური არხები და ასაკოვანი ბებოები ველოსიპედებზე. ეს სასწაული კი არა, ამსტერდამია, დაუჯერებლად განსხვავებული, მაგრამ ყოველთვის შენი.
ამსტერდამი არავის გაანაწყენებს, სამაგიეროდ ყველას მოხიბლავს.

რაიხმუზეუმი ალბათ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი შენობაა. აქ ნახავთ ოქროს ხანის ჰოლანდიელი ოსტატების შედევრებს, აქ ინახება რემბრანტის სახელგანთქმული „ღამის გუშაგები“. პატარა დამთვალიერებლები კი XVII საუკუნის თოჯინების სახლებს მოყავთ აღფრთოვანებაში.

ამსტერდამში კიდევ ათეულობით მაგარი მუზეუმია: ვან გოგის მუზეუმი, ჰეინეკენი, NEMO, ზღვაოსნობის, ალმასის, ჰეინეკენის და ა.შ. გაუთავებლად.

Coffeeshop და წითელი ფარნების უბანი ძველებური აღარ არის, „იმნაირი ქალბატონები“ აქა-იქ თუ შეგხვდებათ, შეთხელებულია პოპულარული მოსაწევი ადგილებიც (გარეუბნებში გადაიტანეს).

რა უნდა გააკეთოთ ამსტერდამში?

ეწვიეთ საფუნთუშოებს და ყველის მაღაზიებს;
შეხედეთ ამსტერდამს წყლიდან;
ესტუმრეთ მუზეუმებს;
მიეცით თავს უფლება ბოლომდე განიტვირთოთ;
გაისეირნეთ წითელი ფარნების უბანში;
გემრიელად მიირთვით;
მიდით ყვავილების ბაზარში;
გაისეირნეთ ველოსიპედით;
ისეირნეთ, ისეირნეთ და ისეირნეთ…

ჰააგა

ჰააგა – მთავრობის, პარლამენტისა და სამეფო კარის რეზიდენცია, ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. აქ მდებარეობს მშვიდობის სასახლე, სადაც გაეროს საერთაშორისო სასამართლო მართავს სხდომებს.

ქალაქში ბევრია მე-17 საუკუნის რენესანსის სტილის ნაგებობა, ასევე მე-18 საუკუნის ბაროკოს და კლასიკური სახლები. ბოლო წლებში კი თანამედროვე არქიტექტურის შენობებიც მომრავლდა.

ჰააგა – კონტრასტების ქალაქია: ახალი სტილისა და ძველი ოსტატების შემოქმედების ორიგინალური შერწყმა, რომელიც სიმშვიდისა და სამართლიანობის სინონიმია.

საქალაქო ცხოვრება ეთავსება სანაპირო ცხოვრებას, აქ არის სამეფო სასახლეები და თევზსაჭერი ბუხტები, სეირნობის უსაზღვრო შესაძლებლობა და საშოპინგო არჩევანი.

ჰააგა 1230 წელს დაარსდა როგორც ჰოლანდიელი გრაფის ფლორის IV-ის სამონადირო რეზიდენცია. მან ააგო მცირე სასახლე, რომლის ადგილზე ამჟამად ბინენჰოფია. ბინენჰოფი – პარლამენტის რეზიდენცია და ჰააგის უძველესი ადგილია.

სამეფო ქალაქი ზღვასთან – ასე უწოდებენ ჰააგას. ის არა მარტო ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრია. სწორედ აქ „ცხოვრობს“ მთავრობა და აქ მდებარეობს გაეროს საერთაშორისო სასამართლო (მშვიდობის სასახლე). სწორედ ჰააგაშია ოფიციალური სამეფო რეზიდენცია (ნორდეინდე). ჰააგა გარკვეულწილად ამსტერდამის ჩრდილში ექცევა, მაგრამ აქ ისტორია სუნთქავს და შეგიძლიათ მარადისობას შეეხოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები