2020 წელი მნიშვნელოვანი გაურკვევლობით დაიწყო მსოფლიოში. კორონავირუსმა საფრთხე შეუქმნა ადამიანების ჯანმრთელობას და შეაფერხა ეკონომიკური საქმიანობა.
შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელი საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა, როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით.
“ბიზნესკურიერი” დაინტერესდა, როგორ შეძლებს ქვეყანა იმ მწვავე ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, რაც კორონავირუსის პანდემიამ შეგვიქმნა.
როგორც ეკონომისტმა, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ “ფორტუნასთან” საუბრისას განაცხადა, ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნის მიმართულებით უფრო უარესის მოლოდინი ჰქონდა.
“ძალიან მძიმე წელი იყო, თუმცა შეიძლება ისიც ითქვას, რომ მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა, ადამიანების გარდაცვალებისა, ეკონომიკურ კონტექსტში თუ ვიმსჯელებთ, უარესის მოლოდინი გვქონდა, შეიძლება ითქვას, რომ შედარებით ნორმალურად გადავიარეთ კრიზისი. სირთულეებით ჩვენ ვერავინ გაგვაკვირვებს, 2008 წლის ომი გვაქვს გამოვლილი.
მიუხედავად იმისა, რომ სამსახური ბევრმა დაკარგა და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშიც აღმოჩნდნენ ეს ადამიანები, გვაქვს პერსპექტივები, ამისი კონტურები კი უკვე იხატება.”
“ბიზნესკურიერი” დაინტერესდა, როგორ მოახერხებს ქვეყანა ამ კრიზისის დაძლევას, რათა ამუშავდეს გაჩერებული ბიზნესები და ხელი შეეწყოს ეკონომიკურ აქტივობას.
„ჩვენ განსხვავებით წინა წლებისგან მოგვიწევს, გარკვეული ცვლილებების განხორციელება, 2021 წელი უკვე რადიკალურად განსხვავებული წელი იქნება, ჩვენ აქამდე თუ ვიყავით ტურიზმზე და მომსახურებაზე ორიენტირებული ქვეყანა, რომელიც დიდწილად იმპორტდამოკიდებული იყო, დადგა დრო და საჭიროება იმისა, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს, ყოველ შემთხვევაში დაიწყოს ცვლილებები.
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და უფრო სწორი იქნება რომ ვთქვათ, ვალდებულება წავახალისოთ ეროვნული ნაწარმი, ისეთი ეროვნული პროდუქტი შევქმნათ, რომ იმპორტზე აღარ ვიყოთ დამოკიდებული.
10, 20 წლის წინაც უნდა დაგვეწყო, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც არა თუ კარგი იქნება რომ გავაკეთოთ, არამედ სავალდებულო ხდება ეს საჭიროება. სწორედ ეს მომენტი გვაქვს დღეს საქართველოს ისტორიაში, რომ ის მოძველებული მიდგომა და მეთოდი, რომელიც ქვეყანაში არსებობდა, რადიკალურად გადასახედია.
საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე უფრო ორიენტირებულია მიმდინარე პორბლემების გადაჭრისკენ, მთავრობამ უნდა დაიწყოს მომავალზე და გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრი,”-აღნიშნავს ჭარაია.
რაც შეეხება ინფლაციასა და ლარის გაუფასურებას, ეკონომიკის ექსპერტი თვლის, რომ ლარის კურსი დამოკიდებული იქნება გლობალურ პროცესებზე.
„ამ კუთხით რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდები, ეს დამოკიდებული იქნება მსოფლიოში და ასევე საქართველოში არსებულ კოვიდპანდემიურ ვითარებაზე.
თუ ეს პრობლემები გლობალურად არ დაიძლია, ისევ გვექნება ჩაკეტილი საზღვრები, შეზღუდული ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან, ისევ გვექნება სურათი, რომელიც არ მოგცემს შორს წასვლის შესაძლებლობას. ცალსახად არ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო შეძლებს ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას.
ეკონომიკა, ფაქტობრივად, არის “ჯანდაცვის მძევალი”, ეს წელს ბევრჯერ ითქვა. თუ როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ, პანდემია დავძლიეთ და ეკონომიკა გათავისუფლდა, მაშინ ლარის გაუფასურება მოსალოდნელი არ არის. რამდენიმე თვის განმავლობში მოსალოდნელია მხოლოდ მერყეობა, თუმცა არამგონია რადიკალურ გაუფასურებასთან გვქონდეს საქმე.
იანვარში, როცა გავიგეთ ამ ვირუსის შესახებ იყო პანიკა, რომ ლარი მკვეთრად გაუფასურდებოდა, თუმცა დღევანდელი მდგომაროებით რომ შევხედოთ, ოპტიმისტიც კი ვერ იტყოდა, რომ ლარი ასე გაუფასურდებოდა”-აღნიშნავს ექსპერტი.
კიდევ ერთი საკითხი, რის შესახებაც ეკონომისტმა ჩვენთან ისაუბრა საგარეო ვალია.
ის აღნიშნავს, რომ საგარეო ვალი მშპ-ს 60%-იან ნიშნულზეა, რაც არასახარბიელო მდგომარეობაა, თუმცა ის გამორიცხავს დეფოლტს.
“60%-იან ნიშნულზე ვართ, თუნდაც ავიდეთ 61, 62 %-ზე არ გველის დეფოლტი, კატეგორიულად გამოვრიცხავ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სირთლებებს ქმნის ყოველდღიურ ოპერირებაში სახელმწიფო ბიუჯეტისათვის, რადგან მთავრობას მოუწევს უფრო მეტი თანხის გადადება, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული, ეს კი მოგვაკლებს ფინანსურ რესურსს, მაგალითად იმისთვის, რომ პენსიები გავზარდოთ, მთლიანობაში საგარეო ვალი ხალხის გადასახდელია.
თუმცა, ისიც უნდა გავითვალისიწნოთ, რომ ამ ვალების არაღება უფრო უარეს მდოგმარეობაში ჩაგვაგდებდა, სამწუხაროდ. ვალის აღება ამ შემთხვევაში გამართლებული იყო,”-განაცხადა ეკონომისტმა.