ქართული რაგბის მთავარი თავის ტკივილი – 6 ერია. რამდენი ხანია ამ საკითხზე მიდის მსჯელობა თუ მოწოდებები, თითქოს რაღაც ყინული დაიძრა კიდეც, მაგრამ მაინც არა – კონსერვატორი ბრიტანელები ჯორზე შეჯდნენ და ცვლილებებს არ ცნობენ. ნებსით თუ უნებლიედ რაგბის განვითარებას აფერხებენ, თუმცა ჩვენ ჩვენი სადარდებელი გვაქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ მიზნამდე. ქართულ (და რა მარტო ქართულ) რაგბის ბუნებრივია მეტი ინტეგრირება და ძლიერ გუნდებთან თამაში სჭირდება. როდის გალღვება ბობოლების გულები (უფრო ტვინები) ვინ იცის, საქართველომ კი კიდევ ერთხელ გადადგა ნაბიჯი 6 ერისკენ. უკვე სხვა მხრიდან მოვუარეთ… ფული!
ბრიტანულ „დეილი მეილი“-ში უზარმაზარი სტატია გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ საქართველო მზადაა, 6 ერში გაწევრიანებისთვის ნებისმიერი საფასური გადაიხადოს.
„გვსურს, საქართველოში ჯონ ფიჰანი ან ექვსი ერის ნებისმიერი სხვა ორგანიზატორი დავპატიჟოთ. დახედონ ჩვენს ინფრასტრუქტურას და გვითხრან, რამდენის გადახდაა საჭირო ტურნირზე მოსახვედრად. 10 მილიონი დოლარი? ამ თანხასაც გავწვდებით!“ – ეს „ბორჯღალოსანთა“ დამრიგებლის, მილტონ ჰეიგის სიტყვებია.
„მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც რაგბი ეროვნული თამაშია. მაგრამ არც საქართველოა ძალიან შორს. მხოლოდ შანსს ვითხოვთ. თუკი სამ წელიწადში პროგრესი არ გვექნა და მატჩებს 40 და მეტი ქულის სხვაობით წავაგებთ, მაშინ პირველები თავადვე ვიტყვით, რომ ამ დონეს ვერ ვქაჩავთ“, – დასძენს ქართველთა ახალზელანდიელი დამრიგებელი.
„დეილი მეილის“ მტკიცებით, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ფინანსურად უზრუნველყოს ექვს ერში საქართველოს ნაკრების დაშვება.