„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რატომღაც, მივიწყებულია ბოლო დროს, რაც ძალიან გვაწუხებს ექიმებს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმი-ექსპერტების რამდენიმე ჯგუფმა, კონსილიუმის რამდენიმე ჯგუფმა დადო არაერთხელ დასკვნა, რის საფუძველზეც, მას ესაჭიროება გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა, რაც პაციენტს არ ჩაუტარდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ექიმმა მანანა ჯებაშვილმა განცხადება დღეს კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელ ვილი პაჭკორიასა და ბავშვთა კარდიოლოგ-რევმატოლოგ გიორგი ჩახუნაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით აღნიშნეს, შესაბამისი სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოში არ არსებობს და საჭიროა, მიხეილ სააკაშვილისთვის უცხოეთში მოიძებნოს აღნიშნული დაწესებულება.
“მოგმართავთ თხოვნით, რომ კარგად გაიაზროთ ეს ამბავი, ვინაიდან მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ეს წერია ამ დასკვნებში. თუ ეს არ გაუმჯობესდა, ის დაავადება, რაც შეექმნა ხანგრძლივი შიმშილობის დროს, შეიძლება, გართულდეს დამძიმდეს და შეუქცევად პროცესში გადავიდეს და განვითარდეს კორსაკოვის სინდრომი, რომელიც პაციენტის ინვალიდიზაციას გამოიწვევს. მივმართავთ ხელისუფლებას, ოპოზიციას და ქართულ საზოგადოებას.
ასევე, ჩვენ შევადგინეთ წერილი, რომელსაც ვაწერთ ექიმები ხელს. მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებს, კონგრესს, ევროპარლამენტს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე იქონიონ გავლენა, რომ პაციენტ სააკაშვილს ჩაუტარდეს გამოკვლევები, საბოლოოდ გაირკვეს მისი დიაგნოზი და ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა.
მას ესაჭიროება სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც, ყველამ კარგად იცის, საქართველოში არ არსებობს, ამდენად ეს ცენტრი მოძიებული უნდა იყოს უცხოეთში და მას მიეცეს საშუალება, რომ შეინარჩუნოს სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.