LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგების გადასახადის რეფორმა საგადასახადო შემოსავლების 897 მლნ ლარით შემცირებას გამოიწვევს

120

მოგების გადასახადის რეფორმა საშუალოვადიან პერიოდში გამოიწვევს საგადასახადო შემოსავლების შემცირებას. ესტონურ მოდელზე გადასვლის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფიცი ავრცელებს.

როგორც ოფისის განცხადებაშია აღნიშნული,  ესტონური მოდელი გულისხმობს რეინვესტირებული მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებას და მისი ძირითადი მიზანია საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება და ეკონომიკის სტიმულირება. აღნიშნული რეფორმა საშუალოვადიან პერიოდში გამოიწვევს საგადასახადო შემოსავლების შემცირებას, რაც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

საქართველოსთვის, სხვადასხვა რეინვესტირების ნორმის პირობებში საგადასახადო შემოსავლების შემცირების სიდიდე წლების მიხედვით განსხვავებულია. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით: თუ რეინვესტირების ნორმა იქნება 80%, პირველ წელს მოსალოდნელია შემოსავლების 897 მლნ ლარით შემცირება, ხოლო მესამე წელს შემცირება 267 მლნ ლარი იქნება;

50%-იანი რეინვესტირების ნორმის პირობებში პირველ წელს მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების 580 მილიონი ლარით შემცირება, ხოლო იმავე ნორმის შენარჩუნების შემთხვევაში შემცირება მესამე წელს 173 მლნ ლარი იქნება.

“ესტონეთში რეფორმის შედეგად პირველი ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტში მობილიზებული მოგების გადასახადი 2-ჯერ შემცირდა, ხოლო მესამე-მეოთხე წელს უკვე რეფორმამდელ დონეს გადააჭარბა,”- აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც საბიუჯეტო ოფისში აცხადებენ, საქართველოსთვის, 50%-იანი რეინვესტირების ნორმის პირობებში რეფორმის მოსალოდნელი გავლენის ანალიზი გვიჩვენებს, რომ რეფორმის პირველ წელს საგადასახადო შემოსავლების შემცირებისა და კერძო ინვესტიციების ზრდის პარალელურად მოსალოდნელია კერძო მოხმარების და მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებაც, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნული პარამეტრები დაუბრუნდება მის თავდაპირველ დონეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები