LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძრავი იატაკი, კვების ობიექტები, გამოფენები – თბილისის ანძა ტურისტული ღირსშესანიშანობა გახდება

თბილისის სატელევიზიო ანძა ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდება.

როგორც “ფორტუნას” საქართველოს ტელერადიოცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ანძის განვითარებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობის კონცეფციის მოსამზადებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა.

როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ანძაზე იგეგმება: ვიზიტორებისთვის განკუთვნილი ლიფტის მოწყობა, სალაროების და მოსაცდელი სივრცეების შექმნა, კვების ობიექტის მოწყობა, მოძრავი იატაკის განთავსება და ა.შ.

კონცეფციის მომზადებისთვის აუცილებელია ობიექტის შესწავლა, კოშკის კონსტრუქციის კვლევა, ფუნქციური და არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება, ინტერიერის და არქიტექტურული დიზაინის შემუშავება და ტექნიკურ ეკონომიკური გაანგარიშებები.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კონცეფციის მომზადებისას უნდა გაითვალისწინონ შემდეგი მოთხოვნა:

  • სატელევიზიო კოშკის განვითარების კონცეფციით შემოთავაზებული ტურისტული ან სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაგეგმილი უნდა იყოს კოშკის 41 მეტრი სიმაღლის ნიშნულზე მდებარე კონსტრუქციაზე.

აღსანიშნავია, რომ ახალი ფუნქციური დატვირთვის მიუხედავად კოშკის ძირითადი ფუნქცია რჩება უცვლელი და წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო დანიშნულებას.

დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ კონცეფციის შემუშავებისას კოშკის სატელეკომუნიკაციო დანიშნულების ფუნქციის შესასრულებლად არსებული უსაფრთხოების ნორმები და კოშკის სხვა ტერიტორიაზე გარეშე პირთა დაშვების შეზღუდვა უნდა იყოს გათვალისწინებული.

პროექტი ხუთ ეტაპად უნდა განხორციელდეს და მისი ჩაბარების საბოლოო ვადა 2018 წლის 31 აგვისტოა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 9 აპრილს დაიწყება და 11 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 120 ათასი ლარია.

თბილისის ანძა

თბილისის სატელევიზიო მაუწყებლობის კოშკი არის დამოუკიდებლად მდგომი მეტალის კონსტრუქციული ნაგებობა, რომელიც აგებულია 1973 წელს და გამოიყენება საკომუნიკაციო მიზნებისთვის.

კოშკის სიმაღლეა 277,8 მეტრი, იგი განთავსებულია მთაზე, ზღვის დონიდან 719.2 მეტრზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები