მოძრაობა „სირცხვილია“ ხვალ 19 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი პროპორციული არჩევნების იქნება.
მათივე ცნობით, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს – სამართლიან, სრულად პროპორციულ ვადამდელ არჩევნებს, რადგან ლეგიტიმაციადაკარგული “ქართული ოცნება” არ შეიძლება ისევ აგრძელებდეს ქვეყნის მართვის იმიტაციას.
„2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე – “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ამომრჩევლის ნება მოიპარა.
დაშინების, მუქარის, გაყალბებისა და ფულადი თუ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბების მიუხედავად, მმართველი გუნდის უპირატესობა მინიმალური იყო.
არჩევნების გაყალბების შემდეგ, ქვეყანაში არსებული კიდევ უფრო გაღრმავებული პოლიტიკურ კრიზისიდან გამოსვლის გზად – “ქართულ ოცნებას” მხოლოდ ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით ბრძოლა ესახება.
იმის ფონზე, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 43-ე დღეა შიმშილობს, არჩევნები გაყალბებულია, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი კი გაბრაზებული – “ქართული ოცნება” სიტუაციის დეესკალაციის ნაცვლად ამძაფრებს დაძაბულობას და ცალსახად დგამს ნაბიჯებს სამოქალაქო დაპირისპირების გასაღვივებლად.
ხელისუფლება, რომელიც 9 წელია განსხვავებული აზრის მქონე ყველა ადამიანს ქვეყნის მტრად აცხადებს, თავად იქცა კოლაბორაციონისტად, რაც “ისე გვაშორებს ევროკავშირს, როგორც არასდროს” (ვიოლა ფონ კრამონი).
მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა ამომრჩევლის ნება, მიიტაცა სასამართლო, შეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, შელახა ყველა დემოკრატიული ინტიტუტი და შედეგად დაამყარა ავტორიტარული მმართველობა, რუსეთისგან სულ ერთი ნაბიჯი გვაშორებს.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ “ქართული ოცნების” ამორალური და არაჰუმანური ქმედებები, პუტინის რუსეთის გეგმის ზედმიწევნით შესრულებაა. მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტის შენობაში შიმშილობა გამოაცხადა პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე უარესდება. დღეს, იმავე მოთხოვნით, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრმა, იმედა კლდიაშვილმაც.
ხელისუფლება ვალდებულია გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში!
აქ და ახლა ყველაზე მართლები ვართ და არასდროს ყოფილა ჩვენი პროტესტი იმაზე უფრო ლეგიტიმური, ვიდრე ახლაა! 14 ნოემბერს, 19:00 საათზე, კიდევ ერთხელ და ერთად მოვითხოვთ იმას, რასაც უკვე ბევრი წელია ეს ქვეყანა იმსახურებს – სამართლიან, სრულად პროპორციულ ვადამდელ არჩევნებს, რადგან ლეგიტიმაციადაკარგული “ქართული ოცნება” არ შეიძლება ისევ აგრძელებდეს ქვეყნის მართვის იმიტაციას.
და თუ ერთხელ მაინც მდგარხარ ქვეყნის სამსახურში, პოსტზე გამოცხადების დროა!“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.