ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna- ს მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფასი შეკვეთების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა სტეფან ბანსელმა განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინა საშუალოდ, 25-დან 37 დოლარამდე ეღირება.
„ჩვენი ვაქცინა დაახლოებით იგივე ეღირება, რაც გრიპის აცრა, რომელიც 10-დან 50-მდე დოლარი ღირს“- აღნიშნა ბანსელმა.
კომპანია ირწმუნება, რომ ის შეძლებს მსოფლიოს მიაწოდოს 500 მილიონი დოზა, ხოლო მომავალი წლის განმავლობაში Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინის რაოდენობამ, შესაძლოა, მილიარდსაც მიაღწიოს.
ცნობისთვის, კომპანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია. მსგავსი შედეგი აქვს აშშ-ს ფარმაცევტული კომპანია, Pfizer-საც, რაც ზრდის იმის სანდოობას, რომ ვაქცინა მსოფლიოს პანდემიის დასრულებაში დაეხმარება.
„მოდერნას“ ვაქცინა 95%-ით ეფექტურია
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაქცინების შემუშავებისას ორივე კომპანია ინოვაციურ და ექსპერიმენტულ მიდგომას იყენებს.