საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრების სკანდალურ ფოტოსთან დაკავშირებით, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ კომენტარი გააკეთა.
მსოფლიოს ჩემპიონ გენო პეტრიაშვილისა და ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი იანტბელიძის მსგავსად, გეგეშიძეც ამბობს, რომ ქართველების მიერ თედეევის პორტრეტიანი მაისურების ჩაცმა და ერთობლივი ფოტოს გადაღება მხოლოდ მასთან მეგობრობის დამადასტურებელი ჟესტი იყო და არა რუსეთის პატივისცემის.
„არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში ვინ დაგვეხმარა, ვინმემ იცის? მოჭიდავეები ჩავერიეთ და სწორედ ძამბოლატ თედეევი დაგვიდგა მაშინ გვერდით, მაგრამ აქამდე არსად გვიხსენებია. თედეევი სპორტსმენია, მწვრთნელია და ჩვენი მეგობარია. არაერთხელ დაგვხმარებია წმინდა სპორტული კუთხითაც, რადგან პატივს გვცემს და ამ მეგობრობას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს“ – თქვა გეგეშიძემ.
16 აგვისტოს სოციალურ ქსელში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთა ფოტო გავრცელდა. გენო პეტრიაშვილს, ზურაბ იაკობაშვილს და ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი იანტბელიძეს, რუსეთის დროშის ფერებში გადაწყვეტილი მაისურები აცვიათ.
მაისურზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტის წევრის, ძამბოლატ თედეევის გამოსახულებაა.
თედეევი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის
პარლამენტის დეპუტატია. ის ცხინვალში დაიბადა და წარსულში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ორ გზის გამარჯვებულია.