LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მობილურ ოპერატორებს უფლება ეძლევათ საერთაშორისო ზარებზე საფეხურებრივი ტარიფი დააწესონ

59

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილებები და მოქმედების ვადა 2016 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელდა – 2016 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფისგან განსხვავებული პირობებით.

კომისიამ, ევროპის კავშირში დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით გაიზიარა  ავტორიზებული პირების პოზიცია იმის თაობაზე, რომ ქსელის მფლობელ ოპერატორებს მიეცეთ მათ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულებაზე ტარიფის დამოუკიდებლად დადგენის უფლება. ასევე, გაიზიარა ავტორიზებული პირების მოთხოვნა, რომ ტრანზიტული ოპერატორებისათვის განისაზღვროს საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მოცულობები და ამ ტერმინაციის მოცულობების შესაბამისი ტარიფები. შედეგად:

კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ქსელის მფლობელ ოპერატორებს – შპს ,,ჯეოსელი”, შპს ,,მაგთიკომი”, შპს ,,მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“, ეძლევათ კუთვნილ საკომუნიკაციო ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) ტარიფისაგან განსხვავებული (საფეხურებრივი) ტარიფის დაწესების უფლება შემდეგი პირობებით:

ა) საფეხურებრივი ტარიფი უნდა დადგინდეს ოპერატორის ქსელში  საერთაშორისო ზარის დასრულების  ტრაფიკის მოცულობის მიხედვით;

ბ) მეორე და შემდგომ საფეხურზე დადგენილი ტარიფი უნდა იყოს პირველ საფეხურზე დადგენილ ტარიფზე  25 %-ით მეტი;

გ) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის  მიერ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი არ უნდა იყოს მის  მიერ  მეორე  საფეხურზე დადგენილ ტარიფზე ნაკლები.

შპს ,,ჯეოსელი”, შპს ,,მაგთიკომი”, შპს ,,მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 20 ივლისამდე  კომისიაში გამოსაქვეყნებლად უნდა წარმოადგინონ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების   მომსახურების  შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა). მოწვევის ოფერტაში უნდა აისახოს მომსახურების  მიწოდების არსებითი პირობები, მათ შორის:

ა) საერთაშორისო ზარის დასრულების რაოდენობების მიხედვით საფეხურებრივი  ტარიფები განზომილების შესაბამის ერთეულებში – ა.შ.შ. დოლარი/წუთი.

ბ) ანგარიშსწორების პირობები.

გ) მოწვევის ოფერტის მოქმედების არანაკლებ 6-თვიანი ვადა.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები