LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მობილიზება საარჩევნო უბნებთან, დაფიქსირებულია აგიტაციის მცდელობა – რა ხარვეზებზე წერს საია

57
ჰტჯ
მთავარ სლაიდზე ფოტო: ბათუმელები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმსა და რუსთავში მიმდინარე შუალედურ არჩევნებს აკვირდება. მათი ინფორმაციით, ბათუმში, კენჭისყრის მიმდინარეობისას შეინიშნებოდა ხალხმრავლობა როგორც უბნების შიგნით, ასევე მის გარეთ.

როგორც საიაში განმარტავენ, საიას დამკვირვებლებმა 100-ე და 76-ე უბნებთან დააფიქსირეს სამარშრუტო ტაქსები, რითაც ხდებოდა ამომრჩეველთა უბნებზე გადმოყვანა.

ამასთან, განმარტავენ, რომ უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა აგიტაციის მცდელობის 2 შემთხვევა.

ეს მონაცემები ასახავს 12 საათის მდგომარეობას.

“2022 წლის შუალედური არჩევნების მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, საია საზოგადოებას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 12:00 საათის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას აცნობს. დამკვირვებლების მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას ძირითადი ტენდენციების შესახებ, რომლებიც გამოვლინდა უბნის მოწყობის, უბნის გახსნის და კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის დროს, ასევე უბნების პერიმეტრზე.

საარჩევნო უბნების უმრავლესობა დროულად გაიხსნა. გამონაკლისია ორი უბანი, ბათუმის 23-ე და 76-ე უბნები, სადაც ვერიფიკაციის აპარატს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. თუმცა, იგი მალევე აღმოიფხვრა და ამომრჩევლებს, 08:16 წუთზე, ორივე უბანზე, შეეძლოთ ხმის მიცემა. რამდენიმე უბანზე დაირღვა საარჩევნო უბნების მოწყობის წესი, რადგან ამომრჩეველთა რაოდენობა 1500-ს აჭარბებდა.

კენჭისყრის მიმდინარეობისას შეინიშნებოდა ხალხმრავლობა როგორც უბნების შიგნით, ასევე მის გარეთ. უბნების შიგნით სიმჭიდროვე (მაგ. 58-ე, 78-ე, მე-100 და 104-ე უბნებზე), ძირითადად, გამოწვეული იყო უბნის სივიწროვით და კომისიების წევრებისა და დამკვირვებლების დიდი რაოდენობით. ეს არ იძლეოდა სრულფასოვნად დაკვირვების შესაძლებლობას.

ცალკეულ უბნებზე დაფიქსირდა რიგები უბნის შესასვლელთან. საიას დამკვირვებლებმა 100-ე და 76-ე უბნებთან დააფიქსირეს სამარშრუტო ტაქსები, რითაც ხდებოდა ამომრჩეველთა უბნებზე გადმოყვანა.

უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა აგიტაციის მცდელობის 2 შემთხვევა:

– მე-100 უბანთან უბნის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა მოუწოდა ამომრჩეველს, შემოეხაზა 41. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ, ამ პირმა დატოვა ტერიტორია;

– 104-ე უბანზე შესულ ამომრჩეველს ხელში ეჭირა სპეციალურად დაბეჭდილი სააგიტაციო მასალა, რომელზეც პარტია “ნაციონალური მოძრაობის” რიგითი ნომრის გასწვრივ ეწერა “ომის პარტია”, ხოლო ბიულეტენის ინსტრუქციის ადგილზე იყო მოწოდება, რომ ამომრჩეველს “გაეფერადებინა” ქართული ოცნების კანდიდატის – რამაზ ჯინჭარაძის გასწვრივ არსებული წრე. სავარაუდოდ, ამომრჩევლებს ეს სააგიტაციო მასალა პერიმეტრზე დაურიგდათ. თავმჯდომარის რეაგირების შედეგად, დარღვევა აღმოიფხვრა.

პერიმეტრის რეგულაციების დარღვევაზე რეაგირების მიზნით, საიამ ორ შემთხვევაში მიმართა სამართალდამცავ პირებს:

– 77-ე უბნიდან 10 მეტრში მობილიზებული იყვნენ პირები. პოლიცია დროულად გამოცხადდა ადგილზე, თუმცა, სამართალდარღვევის ოქმი არ შეადგინა, რადგან, მისი განმარტებით, ადგილზე შეკრებილ პირებს უბანზე ჰყოფნის უფლებამოსილება ჰქონდათ და მათ ვერ დააჯარიმებდა. ნების კონტროლის რეგულაციები ადამიანების შეკრებაზე უნდა გავრცელდეს, მათ შორის კენჭისყრის შენობაში უფლებამოსილი პირების გარეთ შეკრებაზეც, თუ ისინი იკრიბებიან, ფიზიკურად აფერხებენ ან აღრიცხავენ ამომრჩევლებს;

– მე-100 უბანთან დაფიქსირდა შეკრების შემთხვევა. საიას დამკვირვებელმა იქვე მდგომ პოლიციელებს შეატყობინა. პოლიციის რეაგირების შედეგად, ეს პირები დაიშალნენ.

საიამ ამ დრომდე 2 შენიშვნა დააფიქსირა:

– მე-100 უბანზე კომისიის წევრებმა დატოვეს უბანი;

– 90-ე უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა უბანზე დაუშვა ამომრჩეველი, რომელსაც უკვე ჰქონდა მარკირება გავლილი და ხმაც ჰქონდა მიცემული ამავე უბანზე. ეს დარღვევა თავმჯდომარის რეაგირების შედეგად აღმოიფხვრა,”- აღნიშნავენ ახალგაზრდა იურისთა ასოციაციაში.

შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში შუალედური არჩევნები ტარდება. რუსთავი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ბათუმი კი საკრებულოს ერთ დეპუტატს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები