LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა ისეთ მედიკამენტზე, რომელსაც სიმპტომების გამოვლენისას მივიღებთ – “ფაიზერი” კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებს შექმნის

76
Untitled design

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მაწარმოებელი კომპანიის, “ფაიზერის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ როგორც პანდემიის პერიოდში, ასევე მას შემდეგ, მნიშვნელოვანია ადამიანებს ხელი მიუწვდებოდეთ ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტზეც, რომელსაც აბების სახე ექნება და მას პაციენტი მაშინ მიიღებს, როცა ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდება.

შესაბამისად, კომპანია მედიკამენტის ვარიანტებზე მუშაობას იწყებს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების პრეკლინიკური კვლევა დაწყებულია და მან აჩვენა, რომ მედიკამენტი ხასიათდება ანტივირუსული აქტივობით SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ.

კვლევის შედეგების გასაჯაროვებას კი კომპანია აპრილის დასაწყისში აპირებს.

“კორონავირუსული პანდემიის დაძლევა მოითხოვს როგორც პრევენციას ვაქცინის საშუალებით, ასევე მათს მიზანმიმართულ მკურნალობას, ვინც ვირუსით არის დაავადებული. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ხდება SARS-CoV-2-ის მუტაცია და რამხელა გავლენა აქვს კოვიდ-19-ს გლობალურად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თერაპიულ ვარიანტებზე წვდომა როგორც ახლა, ისე პანდემიის შემდეგ.” – განაცხადა “ფაიზერის” მსოფლიო სამეცნიერო კვლევების მთავარმა ხელმძღვანელმა, პრეზიდენტმა მიქაელ დოლსტენმა.

ამ დრომდე, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანისაციისა და სხვადასხვა რეგულატორის მიერ ნებადართულია სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოებული ვაქცინები.

რაც შეეხება მედიკამენტს, კორონავირუსის სამკურნალოდ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულია რემდესივირი.

გუშინვე, ვაქცინების კლინიკური კვლევისა და განვითარების კომპანია “ფაიზერის””ვიცე-პრეზიდენტმა უილიამ გრაბერმა განაცხადა, რომ მომავალი სასწავლო წლის დასაწყისში, “ფაიზერისა” და “ბიოენტეკის” მიერ ერთობლივად წარმოებული კოვიდვაქცინა შეიძლება მზად იყოს 12-დან 15 წლამდე მოზარდებისთვისაც.