LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მმართველი გუნდი პარტიების დაფინანსების წესს ცვლის

105

მმართველი გუნდი პარტიების დაფინანსების ფორმულის გადასინჯვას გეგმავს.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების თაობაზე მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება, უკავშირდებოდეს „საარჩევნო კოდექსს“. საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას შესაბამის ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება, შევიდეს „საარჩევნო კოდექსში“ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები.

“ასევე, ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა ცვლილებებზე, რომელიც უნდა შევიდეს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში. დღევანდელი კანონი იმსახურებს კრიტიკას, მათ შორის დაფინანსების წესი. არსებული დაფინანსების წესი თავის დროზე მორგებული იყო მმართველი პარტიის ინტერესებზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა და გადავსინჯოთ ის ფორმულა, რომელიც არ უწყობს ხელს პარტიების სისტემის განვითარებას.

“პარტიების დაფინანსება განაწილებულია 20 პოლიტიკურ პარტიაზე. ყველამ იცით, რომ საქართველოში 20 პოლიტიკური პარტია რეალურად არ არსებობს და ხელოვნურად არის დანაწევრებული პარტიების დაფინანსება. ასეთ პირობებში მოგებული რჩებოდა მმართველი პარტია, რომელსაც კერძო დაფინანსების მობილიზების მეტი რესურსი ჰქონდა. ეს ფორმულა არ არის სამართლიანი და შესაცვლელია. უნდა გადაისინჯოს იმგვარად, რომ გაიზარდოს რეალური ოპოზიციური პარტიების დაფინანსება,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება ფართო კონსულტაციები, პირველ რიგში საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან. ის იმედოვნებს, რომ საერთო კონსენსუსის საფუძველზე ჩამოყალიბდება პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე სესიის ბოლომდე დაამტკიცებს.