LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მმართველი გუნდი არ ეთანხმება ევროკავშირს: რას ნიშნავს შეფასების გადავადება და რა შეიძლება შეიცვალოს ერთ წელიწადში?

95
BeFunky-collage

13 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ ევროკომისია, სავარაუდოდ, საქართველოსთვის განსაზღვრული 12 კრიტერიუმის შესრულებაზე ანგარიშს 2023 წლის ოქტომბრისთვის მოამზადებს.

საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშს 2023 წელს მოვამზადებთ – მიხაელ რუპი

იქამდე კი, 2022 წლის შემოდგომაზე ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას საქართველოს მიერ „ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ“.

წუხილი და შეშფოთება პოლარიზაციის გამო – რა წერია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშში?

რას ნიშნავს შეფასების გადავადება და რა შეიძლება შეიცვალოს ერთ წელიწადში? – საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსმა მკვლევარმა, გიგი გიგიაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, შეფასების გადავადება და პროცესის გახანგრძლივება მოსალოდნელი იყო, ვინაიდან “ევროკავშირი ხვდება, რომ არანაირი წინაპირობა არ არსებობს, საქართველომ დაიწყოს 12 პუნქტზე მუშაობა”.

„ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ საქართველოს ხელისუფლება ცხადია, ვერ მოასწრებდა [პუნქტების შესრულებას] მიმდინარე წლის ბოლომდე. ეს ნათელი გახდა პირველივე დღეებიდან, როდესაც ჩვენ მივიღეთ 12 რეკომენდაცია. მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ცუდი რეალობაა, რადგან 2022 წლის ბოლოსთვის უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციები გვექნება.

ეს ორი ქვეყანა გადაინაცვლებს მომდევნო ეტაპზე, რაც გულისხმობს ევროკავშირთან გაერთიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველო კი ამ დროს, გაურკვეველი მომავლით ჯერ კიდევ ჩამოკიდებულ მდგომარეობაში იქნება. ევროკავშირის მხრიდან ვხედავთ ძალიან სამწუხარო დინამიკას და მოვლენების სავალალო განვითარებას.

ვფიქრობ, პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს ხდება, უნდა დაეკისროს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას”, – აღნიშნა გიგი გიგიაძემ.

 

რა შეიძლება შეიცვალოს ერთ წელიწადში?

 

ამ ხელისუფლების პირობებში რთულად წარმომიდგენია რაიმე ცვლილება, თუნდაც ერთ წელიწადში, – ამბობს დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილმა ელჩი.

“იცით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო სექტორს უკვე ჰქონდა კონკრეტულად გაწერილი ის წესრიგი, თუ რა იყო გასაკეთებელი, რა უნდა მომხდარიყო, რათა ეს 12 პუნქტი სწრაფად შესრულებულიყო.

ამისთვის არ არის აუცილებელი იმ სამუშაო ჯგუფებისა და დამატებითი ინსტრუმენტების შექმნა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დააანონსა საქართველოს ხელისუფლებამ.

ნამდვილად არ არის აუცილებელი ახალი მექანიზმებისა და ველოსიპედის გამოგონება, ყველაფერი უკვე მზად არის”, – აღნიშნა მან და დასძენს, რომ “სურვილსა და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ძალიან სწრაფად იქნება შესაძლებელი ყველა პუნქტის გავლა და დადებითი პროგრესის ჩვენება”.

“სწორედ ამაშია მთავარი წინააღმდეგობა, როგორც მე ვხვდები, ვინაიდან დადებითი პროგრესის დინამიკის ჩვენების შესაძლებლობაც არ გაგვაჩნია და სწორედ ამიტომ ხდება მომდევნო წლის ბოლოსთვის, ანუ 2023 წლის ბოლოსთვის გადავადება.

რაც მთავარია, მმართველი გუნდი, ხელისუფლება ვერ თანხმდება, უფრო სწორად არ ეთანხმება ევროკავშირს, ევროპარლამენტს და ევროკომისიას იმ ტერმინოლოგიაში, განმარტებებში, კონკრეტული პუნქტის ქვეშ რა იგულისხმება.

რასაკვირველია, ვგულისხმობ დეოლიგარქიზაციას”, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსი მკვლევრის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს წინააღმდეგობას უწევს, რაც ცალსახად ჩანს.

“დეოლიგარქიზაციის გარდა, არის საკითხები, რომელიც ეხება სასამართლოს, მედიის თავისუფლებას და ა.შ.

მიუხედავად ვადის გახანგრძლივებისა, მკაფიოდ ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ამ გეგმას გაყვეს.

თუ მოქმედი ხელისუფლება დარჩება, ამას არაფრით არ გააკეთებს [არ აპირებს ამ პუნქტების შესრულებას], ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ დროის გაყვანის ტაქტიკა.

ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა შემოგვთავაზოს რაღაც ალტერნატიული გეგმა, არ ისახავს მიზნად ქმედითი ნაბიჯის გადადგმას ევროკავშირის მიმართულებით.

უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება დაკარგული დრო ქართველი ხალხისთვის, რაც ძალიან ძვირი დაგვიჯდება უახლოეს მომავალში, ვინაიდან 2022 წლიდან საქართველო იქნება 2 უდიდესი ნაბიჯით ჩამორჩენილი, ვგულისხმობ ასოცირებული წევრების ჯგუფს – უკრაინასა და მოლდოვას. ვიქნებით, სადაც ვართ ამჟამად, ანუ გაურკვეველ რეალობაში, როდესაც ჯერ არ ვიცით მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს. ეს არის მოვლენების ძალიან სავალალო განვითარება.

„ასოცირებული ტრიო“, იმ გაგებით, რა გაგებითაც მოვიაზრებთ, უკვე დაიშალა. ეს მოხდა 23 ივლისს, როდესაც  გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომელმაც ცალსახად გაიზიარა ევროკომისიის მოსაზრებები. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამივე ქვეყანა იმყოფება ჯერ კიდევ ე.წ. ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში. ეს პოზიცია ჩვენ არ დაგვიტოვებია, თუმცა აქაც გვაქვს უკუსვლა და სტაგნაცია. მეტიც, საქართველომ ამ ჯგუფში დაკარგა ლიდერის პოზიციები.

უკრაინასა და მოლდოვას გააჩნდა იგივე სახის პრობლემები და გარკვეული პერიოდით ადრე დაიწყეს ამაზე მუშაობა. საქართველოსგან განსხვავებით, მათ უკვე აქვთ ინიცირებული დეოლიგარქიზაციის პროცესი.

ვფიქრობ, სანქცირების შესაძლებლობა უკვე სერიოზულად განიხილება დასავლეთში. არსებობს განცდა, რომ დასავლეთი სერიოზულად განიხილავს საქართველოში სანქციების შემოღების შესაძლებლობას”, – განაცხადა გიგი გიგიაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოსთვის კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

ამ რეკომენდაციის საფუძველზე, 2022 წლის 24 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო,  უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭია კანდიდატის სტატუსი, საქართველოს – ევროპული პერსპექტივა;

ამასთან, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს, მას შემდეგ, რაც შეასრულებს ევროკომისიის განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს, ასევე მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.