LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიზნად დავისახე, ბავშვური გულწრფელობით მეკეთებინა ყველაფერი, რაღაც დოზით, ვფიქრობ, გამომივიდა“ – სახალხო დამცველის მოადგილეები თანამდებობებს ტოვებენ

189
Untitled design (5)

სახალხო დამცველის მოადგილეები – გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე თანამდებობებს ტოვებენ.

ომბუდსმენის მოადგილეები საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში წერენ.

გიორგი ბურჯანაძე აღნიშნავს: „ღმერთია მოწამე, მინდოდა საჯარო სამსახურის გაგრძელება და ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, მაგრამ რუსული კანონის ავტორებმა არააო“.

„გასრულდა ასე ამბავი.

მეგობრებო ხვალ ჩემი ბოლო დღე იქნება სახალხო დამცველის აპარატში. არ ჩამოვთვლი უამრავ ფაქტორს, რატომაც მე ამ ეტაპზე აპარატში საქმიანობას ვერ გავაგრძელებდი. ამ კვირაში დავწერე გადადგომის შესახებ განცხადება და 31 მარტის 12 საათიდან ოფიციალურად აღარ ვიქნები საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.

ლევანს არჩევის დღესვე ვუთხარი, რომ მარტის ბოლომდე შემეძლო მხოლოდ დარჩენა აპარატში, რადგან დასასრულებელი იყო საპარლამენტო ანგარიში და სხვა მიმდინარე საქმეები. დავწერეთ მე და კოლეგებმა დიდი და მსუყე ანგარიში და შემდეგ კვირას იხილავთ ყველა.

62 თვის მანძილზე ნინო ლომჯარიასთან და სახალხო დამცველის აპარატის უამრავ გადასარევ კოლეგასთან ერთად ვიყავი საჯარო სამსახურში და მიუხედავად სახელმწიფო პროპაგანდისა და გამუდმებული თავდასმხებისა, გვქონდა ერთი ამოცანა – ყველა გაჭირვებული და უფლებდარღვეული ადამიანის პრობლემის გამოვლენა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის რეკომენდაციით მიმართვა რომ ეს გამოესწორებინათ.

ყოველთვის ვიამაყებ – რაც კი სახალხო დამცველს აქვს ან თეორიულად შეიძლება ჰქონდეს, ყველა შესაძლო სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენეთ ამ ხუთ წელიწადში. ვიყავით მუდამ იქ სადაც პრობლემა იყო და არასდროს შეგვშინებია ვინმესი ან რამესი.

დღეს, როცა საჯარო სამსახურს ვასრულებ, ვარ ამაყი.

2018 წელს დავისახე მიზნად რომ ბავშვური გულწრფელობით მეკეთებინა ყველაფერი ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმის ფარგლებში და რაღაც დოზით ვფიქრობ გამომივიდა. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მხვდება ქუჩაში რომელიც მადლობას მეუბნება საქმიანობის გამო.

ძალიან ვიბნევი ხოლმე იმ მომენტში, მაგრამ სიხარულისგან ფრენით ვაგრძელებ ხოლმე გზას. ახლა რომ ვფიქრობ, საჯარო მოხელისთვის ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.

ღმერთია მოწამე, მინდოდა საჯარო სამსახურის გაგრძელება და ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, მაგრამ რუსული კანონის ავტორებმა არააო. არა უშავს, რაღაც პერიოდი „დიდი ავიაციიდან“ მივდივარ და ჩემი სამომავლო საქმიანობის ფარგლებში (ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ) ნაკლები საჯაროობა მექნება, მაგრამ თემატიკა და მიზანი კვლავ მსგავსი და დიადი იქნება.

დიდი მადლობა ნინოს ნდობისთვის, ამ შესაძლებლობისთვის და დამოუკიდებლობის გარანტიებისთვის. მადლობა ჩემს კოლეგებს აპარატში, რომლებიც რეალურად იდგნენ ყველა საქმის უკან. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, რომლებიც ყოველთვის გაგებით ეკიდებოდნენ სამუშაო გრაფიკს და დატვირთულობას. მადლობა პარტნიორ უფლებამდაცველებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დონორებს. მადლობა ყველას, ვინც აპარატს უცხადებდა მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით!

განსაკუთრებული მადლობა ყველა ჟურნალისტს, რომელიც აპარატის საქმიანობას აშუქებდა 5 წლის მანძილზე და აძლიერებდა უფლებადარღვევის მსხვერპლებს.

წარმატებებს ვუსურვებ სახალხო დამცველის აპარატს სამომავლო საქმიანობაში. ყოველთვის მათი დიდი გულშემატკივარი ვიქნები. სხვა რომ გვერდით გადავდოთ, ჩემთვის ეს სამსახური ცხოვრების ნაწილია, სადაც ჯამში 10 წელზე მეტი მაქვს გატარებული და სადაც ყველაზე ძვირფასი ადამიანი გავიცანი ბევრი წლის წინ“, – წერს გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.

როგორც ომბუდსმენის კიდევ ერთი მოადგილე ეკატერინე სხილაძე აღნიშნავს, წინ ბევრი ბრძოლაა და ის ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში რჩება:

„დასასრულს უახლოვდება ჩემი სახალხო დამცველის აპარატში მუშაობა, სადაც 9 წელი, 6 თვე და 6 დღე ვიმუშავე სხვადასხვა პოზიციაზე.
რა თქმა უნდა, იყო ბევრი დაცემა და წამოდგომა; უფრო მეტი – წარმატება.

მოვდივარ და ყოველთვის ჩემთან იქნება სიამაყის განცდა, იმ ცვლილებების გამო, რასაც კოლეგებთან ერთად მივაღწიეთ.

არ დავწერ, როგორი რთული დრო გავიარეთ, რამდენი უძილო ღამე, დარდი და ბრძოლა, თუმცა, ერთი წუთითაც არ ვნანობ განვლილ გზას და მიღებულ გადაწყვეტილებებს. პირიქით, კიდევ ერთხელ გავივლიდი იმ შეგრძნებებისთვის, რაც თან მიმაქვს.

მადლობა ჩემს კოლეგებს, პარტნიორებს, მეგობრებს, ჩემს ოჯახს. ელენეს, სპენსერს და ცუცას ჩემი რეჟიმის გაძლებისთვის.
წინ ბევრი ბრძოლაა და მე ვრჩები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. სხვაგვარად წარმოუდგენელია“, – წერს ეკატერინე სხილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები