LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად ადგილებს ერთ ლარად გავცემთ – კახა კალაძე

49

თბილისის მერია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვაში მიიღოს მონაწილეობა და საპარკინგე ადგილებს ერთ ლარად გადასცემს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“თქვენ გახსოვთ, როდესაც ერთ ლარად გადაეცა საინვესტიციო ვალდებულებით შესაბამის კომპანიას, თუ რა ამბავი ატყდა. ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდი. ახლა უკვე სამ კონკრეტულ ლოკაციაზეა გამოცხადებული იგივე პირობებით ინტერესთა გამოხატვა. ერთ ლარად მზად ვართ, იგივე პირობებით გადავცეთ ტერიტორია დაინტერესებულ პირს.

რა თქმა უნდა, უნდა წარმოადგინონ ტექნიკურ – ეკონომიკური კვლევა, შესაბამისი პროექტი და ა.შ. არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, არამედ, ნებისმიერ პირს. „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვყავი იმისთვის, რომ ყველაზე მეტს ხმაურობენ ეს ადამიანები და ათას სისულელეს საუბრობენ მიწისქვეშა პარკინგთან დაკავშირებით. ზოგადად, მთელ მსოფლიოში, ევროპაში მიწისქვეშა პარკინგი არის სუბსიდირებული მიმართულება მუნიციპალიტეტის მხრიდან.

ჩვენ მიზანმიმართულად გამოვიტანეთ სამი კონკრეტული ლოკაცია და გადავცემთ დაინტერესებულ პირებს, რომ განახორციელონ ინვესტიციები. 2 თვე აქვთ ინტერესთა გამოხატვის პერიოდში მიიღონ ყველანაირი დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენს მიერ არის წარმოდგენილი და შემდეგ უკვე იქნება მიღებული გადაწყვეტილება თბილისის მერიის მიერ,” – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები