LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწისქვეშა გადასასვლელებში ქვეითი პატრული იმოძრავებს

93

თბილისის მასშტაბით არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში უახლოეს მომავალში სათვალთვალო კამერები დამონტაჟება, მანამდე კი ქვეითი პატრულირება დაწესდება.

ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ, განაცხადა.

მისი თქმით, შემუშავებულია სპეციალური პროექტი, რომელიც მთლიანად დედაქალაქში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში, სკვერებსა და ბაღებში სათვალთვალო კამერის მოწყობას ითვალისწინებს. ამ ყველაფერს კი ერთიან მონიტორინგს შსს-ს სპეციალიზირებული დეპარტამენტი გაუწევს.

„დაჯარიმება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მოწესრიგების შემდეგ დაწესდება ფეხით პატრულირება, ვიდრე კამერებს დავამონტაჟებთ, მერე კი კამერის პრინციპით ვიმოქმედებთ. ამას ერთიან მონიტორინგს შსს-ს ახლად შექმნილი სპეციალიზირებული დეპარტამენტი გაუწევს. მათთან გვაქვს კონსულტაციები და კამერის მახასიათებლებიც იქიდან უნდა ავიღოთ. თუმცა, პირველ რიგში, პრიორიტეტული მიწისქვეშა გადასასვლელები იქნება. როდის მოხდება ეს, ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა შესწავლის პროცედურები დაწყებულია,“ – განაცხადა ჯღარკავამ.

კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფს“ მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით 10 დღის ვადაში ერთიანი სტრატეგიის შემუშავება სთხოვა. ლევან ჯღარკავას ინფორმაციით, ამ ერთიან სტრატეგიაზე მუშაობა დაწყებულია.

გარდა ამისა, ლევან ჯღარკავას თქმით, დაიწყება ე.წ. ქუჩის მოხატვის პროცესი, ასევე მოიხატება ის მიწისქვეშა გადასასვლელები, რომელიც იჯარით არ არის გადაცემული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები