აგვისტოდან მოქალაქეებს მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესი გუმარტივდებათ. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა ყველა ის სამთავრობო აქტი და განკარგულება, რაც მოქალაქეს ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული მიწების რეგისტრაციას გაუმარტივებს.
მისივე თქმით, საჯარო რეესტრი დაეხმარება მოქალაქეს რეგისტრაციაში ხარვეზების მოსახსნელად. თუკი მიწის აზომვითი ნახაზი შედგენილი იქნება სერტიფიცირებული ამზომველის მიერ, ნახაზის მომსახურების საფასურს სახელმწიფო დააფინანსებს. ეროვნული არქივის მომსახურება, საქმისწარმოება, ფაქტების კონსტატაცია და სხვა სერვისები ამ რეფორმის ფარგლებში, ერთი წლის გაბნმავლობაში უფასო იქნება.
„ამიერიდან ჩვენ შევუდგებით რეფორმის იმპლემენტაციას, სამთავრობო აქტები უკვე გამოცემულია, გამოიცემა მინისტრების მიერ შესაბამისი ბრძანებები და ჩვენ მზად ვხვდებით იმას, რომ ფაქტობრივად ვისაც ეკუთვნის მიწა, მაგრამ ვერ ირეგისტრირებს მას, მარტივად დაირეგისტრირებს. ეს რეფორმა, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს იმას, რომ თუკი ჩვენ არ ვართ ფაქტობრივი მიწის მესაკუთრე, ვინმეს რაიმე ახალი ქონება გადმოგვეცემა საკუთრებაში“ – განაცხადა წულუკიანმა.