„ფიზიკური და იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესში შევიდა ცვლილებები და გარკვეული მიმართულებები გამარტივდა“ – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს 21 ივლისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მთავრობის დადგენილების პროექტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით გავიდა.
„ეს არის ყველასთვის ცნობილი აღიარების წესი, რომელშიც გარკვეული ცვლილებები შევიდა. აქამდე მას არეგულირებდა პრეზიდენტის ბრძანებულება და შესაბამისად, ახლა უკვე მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამარტივდა გარკვეული მიმართულებები, ასევე გაფართოვდა იმ საბუთების ჩამონათვალი, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ უკვე აღიარების კომისიას. ასევე შეიცვალა კომისიის ადგილიც – თუ ისინი აქამდე იყვნენ საკრებულოებში, ახლა გადავლენ გამგეობებსა და მერიებში. კომისიაში, რა თქმა უნდა, საკრებულოს წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები. გარკვეულ ადგილებში დაემატა ასევე სახელმწიფოს ზედამხედველობა და მონაწილეობა. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, ჩვენს მოქალაქეებს უნდა მისცეს მეტი კერძო საკუთრება“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დადგენილების მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესს დაემატა გარკვეული პუნქტები, რომლის მიხედვით მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუადვილდებათ აღიარების გზით ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება. დამატებულ პუნქტებს შორის შეიძლება აღინიშნოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ჩამონათვალში დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი ცნობა-დახასიათების შინაარსის დაზუსტება, კერძოდ: აღიარების კომისიაში წარსადგენ დოკუმენტებს შორის შესაძლებელი იქნება წარმოდგენილ იქნეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა დახასიათება. ასევე ერთ-ერთ დოკუმენტად დამატებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
გარდა ამისა, ახლებურად განისაზღვრა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ფორმირების წესი. კერძოდ, კომისია შედგება მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მერიის თანამდებობის პირებისგან. (აქამდე კომისია შედგებოდა საკრებულოს არაუმეტეს 3 წევრის, მერიის/გამგეობის და ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისგან, ხოლო თბილისში დამატებით მერიის სსიპებისა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლებისგან). კომისიის წევრად ასევე შესაძლებელი იქნება დაინიშნოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები (მათი თანხმობით), რომელთა რაოდენობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს ასევე ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.
კომისია წელიწადში ორჯერ მოამზადებს საქმიანობის ანგარიშს, რომელიც გაეგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობას.