LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწების რეგისტრაციისთვის აზომვის ახალი სტანდარტი შემოდის

85

სრულდება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე მუშაობა, რომელიც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, მარტივად დაირეგისტრიროს მიწა, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქვეყანაში მოქმედ 400-მდე კერძო საამზომველო კომპანიის წარმომადგენელთან შეხვდრის დროს განაცხადა.

მისი თქმით,  ახალი ინიციატივები უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. მათი მიზანი  სარეგისტრაციო პრაქტიკაში არსებული პრობლემების აღმოფხვრაა.

„ჩვენ ვასრულებთ მუშაობას იმ მნიშვნელოვან პაკეტზე, რომელსაც მთავრობას შევთავაზებთ ჩვენ და ეკონომიკის სამინისტრო, იმისთვის, რომ ჩვენმა გლეხებმა,  ფერმერებმა, კერძო პირებმა შეძლონ,  უფრო მარტივად დაირეგისტრირონ ის მიწები, რომელთაც აქამდე საბუთების ნაკლებობის, ხარვეზების, სხვა პროცედურების ან, თუნდაც, საფასურების  გამო ვერ ირეგისტრირებდენ. ეს  იქნება კომპლექსური პროექტი, რომ კერძო პირების კერძო საკუთრებაში მიწების დარეგისტრირება წახალისდეს და გამარტივდეს”- განაცხადა წულუკიანმა.

მისვე თქმით, დარეგისტრირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სწორი აზომვითი ნახაზი, ამიტომ სახელმწიფო აზომვის ერთიან სტანდარტს შემოიღებს.

“ჩვენ ვიცით, რომ  ამზომველები, რომლებიც ამ პროექტში სახელმწიფოს პარტნიორები უნდა იყვნენ, დღეს, სამწუხაროდ, ზომავენ მიწას სხვადასხვა  ხელსაწყოთი,  იმიტომ, რომ არ არსებობს ერთიანი სტანდარტი; ეს კი იწვევს უზუსტობებს, რაც მოქალაქეს აზარალებს. ჩვენ გვინდა, შევქმნათ ერთიანი სტანდარტი მათთან ერთად. ამიტომაც დღეს საქართველოს რეგიონებიდან მოვიწვიეთ 300-ზე მეტი ამზომველი და მათთან ერთად ვისაუბრებთ იმაზე, რამდენი დრო გვჭირდება იმისთვის, რომ გადავიარაღდეთ; იმისთვის, რომ საფასურები გახდეს გონივრული. გვსურს, მოვისმინოთ მათი აზრი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს აზომვითი ნახაზის დოკუმენტირების წესი“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც საჯარო რეესტრში განმარტავენ, ევროპის ქვეყნებში საამზომველო საქმიანობა ზუსტად და მკაცრად რეგულირებული პროფესიაა, რადგან არასწორად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი საკუთრების უფლების დარღვევის წინაპირობა ხდება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ არის დადგენილი აზომვითი საქმიანობის ერთიანი სტანდარტი და საამზომველო საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის სამართლებრივი საფუძვლები. ახალი პაკეტი აღნიშნული ხარვეზის მოწესრიგებას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები