LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივმართავ საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს გადმოგდებულ ანკესს” – უნდა ადღდგეს თუ არა ფრენები რუსეთთან

156
ipiccy-image

Hub Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს, ორ ქვეყანას შორის საავიაციო ხელისუფლებების ურთიერთობებს არეგულირებს 1993 წელს გაფორმებული „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საჰაერო მომოსვლის შესახებ შეთანხმება“, რომელიც ცალმხრივად, რუსეთის  მხრიდან ჯერ 2006 წელს დაირღვა, შემდეგ 2008 წელს საომარი მოქმედებებისას და უკვე მესამედ, 2019 წელს 20 ივნისის მოვლენების შემდეგ.

რუსეთთან ურთიერთობის მწარე გამოცდილებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ამ ქვეყანასთან, ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებს და დადებულ შეთანხმებებს არანაირი სამართლებლივი ძალა არ გააჩნია. რუსეთის მხრიდან შეთანხმების ცალმხრივად და არაერთხელ დარღვევის მიუხედავად, საქართველოს არ გააჩნია ბერკეტი, დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები და ეროვნული ავიაკომპანიები. ამის გამო, მილიონობით ლარის ზარალი ადგება საქართველოს ეკონომიკას და კერძო სექტორს.

აქედან გამომდინარე, მივმართავ საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას და კატეგორიულად მოითხოვოს, რომ ორ ქვეყანას შორის ,,საჰაერო მიმოსვლის შესახებ” შეთანხმება მოექცეს საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოში. კერძოდ, გამოვდივარ ინიციატივით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და მოკავშირის-ევროკავშირის, კერძოდ “EASA”-ს (ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) ჩართულობით   გაფორმდეს ახალი სამმხრივი შეთანხმება, რომელიც დაარეგულირებს რუსეთ-საქართველოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთობას, რითიც ეს ურთიერთობა საერთაშორისო სამართლებრივ ფორმატში მოექცევა.

საქართველოს და რუსეთს შორის ფრენების უპირობოდ და მოლაპარაკებების გარეშე აღდგენა არ უნდა მოხდეს და აუცილებელია შეიქმნას მოლაპარაკებების სამმხრივი ფორმატი. მიგვაჩნია, რომ პროცესი საკუთარ თავზე უნდა აიღოს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ევროკავშირმა, კერძოდ ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ. აღნიშნულ ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებში უნდა მონაწილებდნენ- სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ეროვნული ავიაკომპანიები და საქართველოსა და რუსეთის მთავრობების წარმომადგენლები.

„ეს იქნება კატასტროფა: როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის ხალხი საქართველოში, რომელსაც ძალიან უნდა, რომ რუსეთზე იმუშაოს" - ტურიზმის სექტორი

„უკვე წლებია ვიხვეწებით, რომ ნუ ხარჯავენ ფულს რუსეთზე და ნუ კიდებენ ქართულ ბაზარს რუსულზე"

მოლაპარაკების პროცესი უპირობოდ ბრიუსელში უნდა წარიმართოს და ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს იურისტების ჩართულებით გაფორმდეს ახალი სამმხრივი  ხელშეკრულება. მომავალში, აღნიშნული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესაძლებლობების თავიდან ასაცილებლად კი, დამრღვევ  მხარეს დაეკისროს სანქციები და კერძო სექტორზე მიყენებული ფინანსური  ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რისი გარანტორიც უკვე იქნება ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“, – აცხადებს Hub Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.

შეგახსენებთ, რუსეთი მზად არის საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი აცხადებს, ინფორმაციას კი რუსული სააგენტო TASS ავრცელებს. „მზად ვართ ეს საკითხი განვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ეს საკითხი მოგვარდება”, – აღნიშნა კარასინმა. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს უახლოეს თვეებში შეხვდება.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა ოფიციალურად 2019 წლის 8 ივლისს, ე.წ. გავრილოვის ღამის (20 ივნისი) შემდეგ შეაჩერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები