ჩვენ პირველ რიგში საკუთარი შიში უნდა დავამარცხოთ, 17 მაისი არის ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე და ჩვენს გზას ჩვენს ნაცვლად ვერავინ გაივლის, – ამის შესახებ „თანასწორობის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო ბოლქვაძემ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება.
„ჩვენ, ადამიანები, ვინც შევიკრიბებით, ვიცით, რომ არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები. ეს არის ილუზია სახელმწიფოში, რომელსაც ჯერ სახელმწიფოს ვერ დავარქმევთ, სანამ ადამიანის უფლებები არ არ იქნება დაცული. ამიტომ, ნდობა ხელისუფლების მიმართ არ არსებობს. ის ლოიალურია ფაშისტური დაჯგუფებების მიმართ, არ აკონტროლებს, საიდან იღებენ ეს დაჯგუფებები ფულად დაფინანსებას. ზოგს, ჩემი აზრით, თავადვე აფინანსებს. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ხელისუფლებამ აწარმოა რეპრესიული პოლიტიკა და აქედან გამომდინარე, ქმედებები მიმართული იყო საკუთარი მოქალაქეების, ისედაც სტიგმატიზებული ჯგუფების ჩაგვრისკენ. მას შემდეგ, რაც 12 მაისს შევარდნა მოხდა კლუბებში, დაარღვიეს იქ მყოფი ადამიანების უფლებები, მას შემდეგ, რაც შეიზღუდა პროტესტის მუხტის მქონე ადამიანების საჯაროდ შეკრების, გამოხატვის თავისუფლება პარლამენტთან, მას შემდეგ, რაც ხელი შეუწყვეს იმ ჯგუფებს, რომლებიც გამოდიან ძალადობისკენ მოწოდებებით, რომლებიც, ვფიქრობ, არიან ხელისუფლების მხრიდან დაორგანიზებული და ხელისუფლებისვე ხელშეწყობით ახორციელებენ სტიგმატიზებული ჯგუფის წევრებზე თავდასხმას ან ასეთ მუქარებს ახორციელებენ, ამის შემდგომ გაუქმდა აქცია ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ.