მინდა მივმართო ევროკავშირს და ევროპარლამენტს, რას აკეთებთ, როგორ გვექცევით? რისთვის იყენებთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას?,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
„ჩვენთან კონსტიტუციაში ჩაიწერა, თუმცა, ვფიქრობ, არ უნდა ჩაეწერათ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება. რისთვის იყენებთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას, ორჯერ ლამის რევოლუცია მოგვიწყვეთ და რის გამო? 12 დავალებას რომ გვაძლევთ, თქვენი ბავშვები ვინ არიან? თუ დავალებას გვაძლევთ, დაგვაცადეთ და აღვასრულებთ. ვადებს რატომ გვიწესებთ? შემოდგომაზე იმიტომ მიწესებ, რომ კიდევ რევოლუცია მომიხდინო? ეკლესია და ხალხი ძალიან ძლიერი ვართ. 2012 წელს, პატრიარქი და პირადად მე ორჯერ შევხდით ამერიკელებს, ერთხელ მათ ტერიტორიაზე, ერთხელ ჩვენთან მოვიდნენ. პატრიარქმაც და მეც ასეთი რამ ვუთხარით, არცერთ ლიდერს არ დაუჭიროთ მხარი, ქართველ ხალხს დაუჭირეთო. დღეს ქართველი ხალხი ითხოვს მშვიდობიან ცხოვრებას, ეკონომიკის განვითარებას. ევროკავშირს მივმართავ, თუ ჩემი პარტნიორი ხარ, თუ არ მეხმარები, როგორც უკრაინას ეხმარება დღეს ნახევარი მსოფლიო, ხელს მაინც ნუ მიშლი განვითარებაში, ეკონომიკის ზრდაში. ის ომი მორჩება, მსოფლიოც გადანაწილდება და ჩვენ აბსოლუტურად ყველასთან, დასავლეთი იქნება თუ ავტორიტარული ქვეყანა, ყველასთან წესიერი ურთიერთობა გვჭირდება. პატარა ქვეყანა ვართ, არავინ გვეხმარება. შემოდგომა მოდის და ტყუილად ნუ მოემზადებით რაღაცისთვის. არახამიამ (დავით) და იქაურმა მმართველობამ თავიანთ საქმეს მიხედონ. ომში გაიმარჯვეს და ეგ არის? თავიანთ საქმეს მიხედონ, ქართველები ჩვენს საქმეს მივხედავთ. მოიქცეს მიშა წესიერად, პატიება სთხოვოს იმ ხალხს, ვინც მასზე გამწარებულია. მისი გამოშვება ერს რომ უნდოდეს, ამდენი ხანი ვინ გააჩერებდა. ვიღაც რომ მეტყვის, ვიოლა იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, მაგის გამო ვინ გამოუშვებს? ისინი თუ ემზადებიან, ჩვენც მოვემზადებით“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობის თქმით, რუსეთს უნდა, რომ საქართველო არ განვითარდეს.
„ჩვენს ახალგაზრდებს სწორ ორიენტირს ურევენ. არავის დავანებებთ, რომ საქართველო ისევ ვიღაცების ხელში ჩავარდეს. რუსეთს უნდა, რომ საქართველო არ განვითარდეს. ევროპელებს მივმართავ, მაგ საქციელით რუსეთის გარდა, ვის ემსახურებით?. არახამიაზე ვამბობ, ვინ ეკითხება უკრაინას, ჩვენს საქმეებში ასე რომ ერევა. სააკაშვილია საქართველო? იანუკოვიჩი რომ ჰყავთ დაჭერილი, ეტყვიან, იანუკოვიჩი გაუშვიო? აბა, ქართველ იანუკოვიჩზე რატომ გვეუბნებიან, გაუშვით თორემ ასე და ისეო. იქ არის ერთი იანუკოვიჩი და აქ მეორე. შეიძლება ამას უფრო მეტი დანაშაული აქვს, მას აღარ შეუძლია ქვეყანას რამე გაუფუჭოს. თვითონ საჭმელს არ ჭამს, თავსაც არ იკლავს. იმდენს ჭამს, რომ მერე სამარცხვინოდ აჩვენოს, გეგონება ან ინდირა განდი იყოს ან ნელსონ მანდელა“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.