LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუნხენი – რჩევები მიუნხენში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

ბავარიის დედაქალაქის ოფიციალური დევიზი – „მიუნხენს უყვარხართ თქვენ“.
მიუნხენი – მარტო მხიარული ოქტობერფესტი, დიადი საფეხბურთო გუნდი და ავტომობილების მექა როდია. გერმანიის სამხრეთით, ალპების ძირას, მდინარე იზარის ნაპირზე გაჭიმული ქალაქი დიდებული ტაძრებით, სააღლუმე მოედნებით, მდიდრულად მორთული ფასადებიანი ძველი სახლებითა და დარაბებზე გამოფენილი ყვავილებიანი კალათებით იზიდავს მილიონობით ადამიანს.

 

 

მიუნხენის რაიონები

ქალაქის ისტორიული ცენტრი Altstadt-Lehel, ან უბრალოდ ალტშტადტი – სწორედ აქ არის თავმოყრილი ღირსშესანიშნაობების უმეტესობა: ორივე რატუშა, ბავარიელი მეფეების ყოფილი რეზიდენცია, ნაციონალური თეატრი, ლეგენდარული ხოფბროიჰაუსი და ფრაუენკირხეს ეკლესია. აქვეა ცნობილი მარკების ბუტიკები, სავაჭრო ცენტრები, უამრავი რესტორანი და სასტუმრო. ამ ყველაფერს გვირგვინად ადევს ძველი კარიბჭე, რომელსაც ალტშტადტში მიყავხარ: ესენია Karlstor, Isartor და Sendlinger Tor.

 

მაკსფორშტადტი (Maxvorstadt) – ერთდროულად ბოჰემური და სამეცნიერო რაიონი. აქ არის გერმანიის ორი წამყვანი უნივერსიტეტი. გარდა ამისა, ამ რაიონშია მაღალი კლასის მუზეუმები: სამი სახელგანთქმული პინაკოთეკა, ლენბახ-ჰაუსი, გლიპტოთეკა და სახელმწიფო ანტიკური კრებული. ბევრი ამ რაიონს „მიუნხენის ტვინს“ უწოდებს. ბონუსად – მცირე ზომის დიზაინერული მაღაზიები, ბარ-რესტორნები.

 

შვაბინგი (Schwabing) და ინგლისური ბაღი – ძალიან მოდური და თვალწარმტაცი კვარტალი, მდებარეობს ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.  შვაბინგი ცნობილ ადამიანებშიც პოპულარული ადგილი იყო. აქ ცხოვრობდნენ თომას მანი, ვასილი კანდინსკი, ვლადიმირ ლენინი, ფიზიკოსი ჰეიზენბერგი.

მიზიდულობის მთავარი წერტილებია – ლეოპოლდშტრასე (Leopoldstrasse, კაფე-ბარები), ჰოჰენცოლერნშტრასე (Hohenzollernstrasse და Kurfürstenplatz, შოპინგი) და ინგლისური ბაღი – დიდი მწვანე სივრცე წყაროებით, ტბებით და „ლუდის ბაღებით“.


ოლიმპიური კვარტალი
(Olympiagelände) – აშენებულია მიუნხენის ყოფილი აეროპორტის (Oberwiesenfeld) ადგილზე და ქალაქის რუქაზე 1972 წელს გამოჩნდა.


სპორტული ზონებისა და სტადიონის გარდა (დღემდე იმართება ქვეყნის ყველაზე მასობრივი კონცერტები), ეს რაიონი ბავარიის ალპებზე შესანიშნავი ხედით იპყრობს ყურადღებას. ამას ემატება, რომ ფეხით რამდენიმე წუთის სავალზეა BMW-ს მუზეუმი და საგამოფენო ცენტრი.

 

რაიონი რთულად გამოსათქმელი სახელწოდებით ლუდვიგსფორშტადტი-იზარფორშტადტი შედარებით უსიამოვნოდ გამოიყურება, მაგრამ აქ არის ყველაზე აზარტული სათამაშო დარბაზები, მხიარული სტრიპ-კლუბები და აუთენტური რესტორნები. სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ის ცნობილი მდელო, სადაც სექტემბერ-ოქტომბერში ოქტობერფესტი იმართება.

 

ქუთაისი-მემინგემი-მიუნხენი: პრაქტიკული რჩევები WizzAir-ის რეისების მგზავრებს

 

ტრანსპორტი

მიუნხენი დიდი ქალაქია, ამიტომ აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი მნიშვნელოვანია. უშუალოდ ალტშტადტში ფეხით უნდა იაროთ. აი ნიმფენბურგის სასახლეში ან თუნდაც BMW-ის მუზეუმში უავტობუსოდ ვერ მოხვდებით.

ქალაქში დადის ავტობუსი, ტრამვაი, მეტრო (მიწისქვეშა U-Bahn და მსუბუქი მიწისზედა S-Bahn) და ელექტრომატარებელი. საშუალოდ მგზავრობის ღირებულება მერყეობს 1.5-დან 5 ევრომდე, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ზონას გადაკვეთავთ (სულ ოთხია). ერთდღიანი სამგზავრო ბარათი დაახლოებით 7 ევრომდეა ან 12 ევრო 5 ტურისტამდე ჯგუფისთვის. ერთკვირიანი სამგზავრო IsarCard 15 ევრო ღირს.

მეტროში სალარო არ არის და ბილეთი სპეციალური ავტომატების MVV მეშვეობით უნდა იყიდოთ. პრაქტიკულად იგივეა ტრამვაებშიც. ყველა ბილეთი უნდა დააკომპოსტიროთ.

ყურადღება მიაქციეთ ავტობუსს №100, რომელსაც Museenlinie (მუზეუმის ხაზი) უწოდებენ. ის ყოველ 10 წუთში გადის აღმოსავლეთ სადგურიდან მთავარ რკინიგზის სადგურამდე და გაივლის მიუნხენის საუკეთესო მუზეუმებს, ასევე ინგლისურ ბაღს და კენიგპლაცს.

 

 

შოპინგი

მიუნხენი მართლაც კარგია შოპინგისთვის უამრავი მაღაზიით ნებისმიერი გემოვნებისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის. სავაჭრო ქუჩების უსასრულო ქსელი გადაშლილია მარიენპლაცის (Marienplatz) მოედნიდან ფეხით სავალ შოპინგ-არტერიებამდე – Kaufingerstrasse და Neuhauser Strasse.
ყველაზე ელეგანტური ბუტიკებია Briennerstrasse, Maximilianstrasse (აქ სამხატვრო გალერეებიცაა), Maffeistrasse და Theatinestrasse. აქ ევროპის ყველაზე ტოპ დიზაინერები იყრიან თავს. საინტერესო სუვენირებისა და ანტიკვარიატის საძებნად Ottostrasse-ზე უნდა წახვიდეთ. თუ ვინტაჟური მეორადები და წარსული ეპოქების კოსტუმები გაინტერესებთ, მაშინ Westenriederstrasse-ზე.

 

რა უნდა გასინჯოთ

მიუნხენის სამზარეულო – ცალკე სტატიის კი არა, ცალკე საიტის თემაა. ათეულობით სალუდე, რომლებიც მე-13-15 საუკუნიდან მოყოლებული მუშაობენ.

ტრადიციული მარიალიანი პრეცელი (დაახლოებით 1 ევრო ერთი ცალი), არომატული ღორის კანჭი (დაახლოებით 15 ევრო) მოშუშული კომბოსტოთი და კარტოფილით, დაბოლოს, ძეხვეული… (6 ევრო 2 ცალი)

ყოველ შემოდგომაზე (სექტემბრის ბოლო – ოქტომბრის დასაწყისი) ტერეზიენვიზეს მდელოზე იმართება ყოველწლიური ლუდის ფესტივალი „ოქტობერფესტი“, რომელიც უკვე 200 წელია ტარდება. ამ ზეიმისთვის სპეციალურ ლუდსაც ხარშავენ – „ვიზნ“.


კაფე-რესტორნები

ზემონახსენები სასწაულის დაგემოვნება ქალაქის ცენტრში შეიძლება, იმდენი რესტორანია და ყველგან გარანტირებულად გემრიელია. მაგრამ სავალდებულოა ორ ადგილზე მისვლა: რესტორანი-სალუდე რატუშასთან ახლოს და „ხოფბროიჰაუსი“ (აქ თავად ჰიტლერი სვამდა ლუდს). ორივე ქალაქის მთავარ მოედანზეა და ვერ აცდებით.

მიუნხენში მიშლენის ვარსკვლავის მქონე 8 რესტორანია, სადაც სიამოვნების მიღება თითო კაცს 120-150 ევრო დაუჯდება. სტანდარტულ ლუდხანაში ძალიან მაგრად ისაუზმებთ 30-50 ევროდ, კათხა ლუდი 3-4 ევრო დაგიჯდებათ. უფრო იაფია აზიური რესტორნები და თუ საკვებს წასაღებად ყიდულობთ (6-10 ევრო დიდი ჰამბურგერი ან წყვილი სოსისი).

საერთო ჯამში, მიუნხენში რთულად გაარჩევთ ლუდხანას და რესტორანს: პორციები კი ყველგან ძალიან დიდია, ახალმოხარშულ ლუდს ყველგან გთავაზობენ, ფასები თითქმის ყველგან ერთნაირია.

 

მიუნხენის ციხესიმაგრეები

ქალაქის ფარგლებშია ორი ყურადღება მისაქცევი ციხესიმაგრე – ნიმფენბურგი და ბლიუტენბურგი. ნიმფენბურგის სასახლე – ეს ბავარიის ვერსალია. სასახლის უკან ფრანგული პარკია: არხები, ქანდაკებები, ხიდები, სკამები. იქვეა საოცარი ამალიენბურგი – საჭვრეტი მოედანი, საძინებელი, სამზარეულო და მისაღები – ყველაფერი სარკისებურია. მთავარი სასახლიდან რამდენიმე ნაბიჯზეა ბოტანიკურ ბაღში შესასვლელი.

ბლიუტენბურგი არქიტექტურული თვალსაზრისით არც ისეთი კარგია, მაგრამ მაინც საინტერესოა. მისი კედლები ინახავს ბავარიის ჰერცოგის მემკვიდრისა და უბრალო დალაქის ქალიშვილის აკრძალული სიყვარულის ისტორიას.

ბუნებრივია არ შეიძლება არ ვახსენოთ ნოიშვანშტაინი, რომელზეც ქვემოთ ცალკე ვისაუბრებთ.

დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკი

ევროპის ისტორიის უსაშინლესი გვერდი. დაჰაუს ბანაკიდან (1943-1945 წწ) ბევრი არაფერი შემორჩა: რამდენიმე კრემატორიუმი და ადმინისტრაციული შენობა. ყველგან ნახავთ ფოტოებს და ტექსტებს, რომლებიც მშრალად კონსტატირებს ფაქტებს – დღესასწაულებზე განთავისუფლების თხოვნიდან დაწყებული ადამიანებზე ცდების ჩატარებით დამთავრებული. გაითვალისწინეთ, რომ ექსპოზიციები ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, ზოგი ბოლოს გულის წასვლამდეც მიდის.

 

მიუნხენის მუზეუმები

მიუნხენი მხოლოდ ლუდით არ არის განთქმული, მისი სამუზეუმო კოლექცია ბევრ ევროპულ დედაქალაქს შეეჯიბრება.

ძველ პინაკოთეკაში დაცულია ბრეიგელი, დიურერი, კრანახი, რუბენსი. ახალში – მე-19 საუკუნე: სეზანი, გოგენი, ვან გოგი. თანამედროვე ხელოვნების პინაკოთეკა საინტერესოა ცვალებადი გამოფენებით. ესთეტებს შეუძლიათ შეიარონ ლენბახ-ჰაუსში – „ცისფერი მხედრის“ ვილაზე, რასაც კანდინსკიც ემატება. ასევე აღსანიშნავია ქალაქის მუზეუმი (სენტ იაკობსპლაცი) და კინოს მუზეუმი, სადაც კარგ და იშვიათ ფილმებს აჩვენებენ.

შაბათობით მიუნხენის სამივე პინაკოთეკა სიმბოლურ თანხად – 1 ევროდ არის ხელმისაწვდომი. ასევეა გლიპტოთეკაში, ანტიკურ კრებულსა და ნაციონალურ მუზეუმში შესვლა კვირაობით.

 

როგორ მივიდეთ მიუნხენიდან ნოიშვანშტაინამდე

ნოიშვანშტაინი გერმანიის სამხრეთით მდებარეობს, ქალაქ ფიუსენთან ახლოს.

საუკეთესო ვარიანტია რკინიგზით მისვლა. შეიძინეთ მიუნხენი-ფიუსენის ორმხრივი ბილეთი. უმჯობესია Bayern Ticket-ის ყიდვა. უფრო იაფადაც გამოხვალთ და მთელი დღე რამდენსაც გინდათ იმდენს ივლით.

ფიუსენამდე გზას დაახლოებით 2 საათი უნდა. მატარებელი საათში ერთხელ გადის. რეკომენდირებულია დილით, რაც შეიძლება ადრე გასვლა.

ფიუსენში ჩასულები ავტობუსის გაჩერებას ნახავთ, სადაც 78 ნომერი იდგება. ისინი სწორედ ტურისტებს ელოდებიან და მიგიყვანთ კიდეც ციხესიმაგრემდე. მძღოლს Bayern Ticket-ს აჩვენებთ და უფასოდ წაგიყვანთ. უნდა ჩამოხვიდეთ გაჩერება ხოენშვანგაუზე. ისე, რა დაგკარგავთ, ყველა მაინც მანდ ჩამოდის.

უკან, მიუნხენშიც იგივე გზით დაბრუნდებით.

ადგილზე მისულებს, ორი ციხესიმაგრე დაგხვდებათ. პირველი ხოენშვანგაუ გახლავთ. მისგან ნოიშვანშტაინამდე ან ფეხით უნდა მიხვიდეთ (30 წუთი მთაზე) ან ცხენის საწევარათი. თუ დრო და ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, ფეხით ჯობია, ხედებითაც დატკბებით და საშურ ფოტოებსაც გადაიღებთ.

ერთი ციხესიმაგრის შიდა მორთულობის ნახვა 12 ევრო დაგიჯდებათ, ორივესი – 23 ევრო. ამ თანხაში აუდიოგიდიც შედის.

მაინც იცოდეთ, რომ ბილეთზე ზუსტი დრო დაიტანება: არც უფრო ადრე და არც უფრო გვიან ვერ შეხვალთ. საჭირო დროს ტაბლოზე აინთება თქვენი ნომერი და შეაბიჯებთ კიდეც დაუვიწყარ სამყაროში.

ციხესიმაგრის სამუშაო დრო:

28 მარტი – 15 ოქტომბერი – 9:00-18:00 სთ
16 ოქტომბერი – 27 მარტი – 10:00-16:00 სთ

დასვენების დღეებია: 1 იანვარი, 24 და 25 დეკემბერი, 31 დეკემბერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები