LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტზე აგრესიას გმობს

164
ქარტიაა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “მთავარი არხის” ჟურნალისტზე, ნატალია ჯახუტაშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს და „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ქმედებას გმობს.

2022 წლის 25 ივლისს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნატაშკა ჯახუტაშვილს „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა, მათ შორის გამოიყენა სექსისტური ენა: „ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე”. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისას მედიის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემაც. მან ჟურნალისტებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თქვენ ბრძანდებით, ჩემი აზრით, კრემლის სასარგებლო იდიოტები… თქვენ ხართ ფსკერს ქვემოთ, ჟურნალისტები აღარ ხართ”.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე ხელისუფლების აგრესიას და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.

ქარტია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას მნიშვნელოვანწილად მსგავსი რიტორიკა განაპირობებს.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ.

ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ვიდეო: პირდაპირ პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა…კობახიძე ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა – ნატალი ჯახუტაშვილი ირაკლი კობახიძის თავდასხმაზე

ვიდეო – „არახამია არის არაკაცი… КГБ-შნიკი არის მამათქვენი, ნუ კანკალებ“: ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს დაუპირისპირდა